გიორგი ქობულია: ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ნებისმიერი რამ დაგვაბრალონ

„ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ნებისმიერი რამ დაგვაბრალონ“, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის სახელით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბანკ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 10 დეკემბრამდე 20 მლნ ლარი მოსთხოვეს.
მინისტრმა აღნიშნულ საკითხს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ თემით თუ საგამოძიებო უწყება დაინტერესდება, კომენტარს შემდეგ გააკეთებს.
„ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი კეთდება ასეთი განცხადება. ცოტა არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება. თუ არსებობს საფუძველი პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა. შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააბრალო, ენას ძვალი არ აქვს, ობიექტურობაზე აქ საუბარი არ არის. ლაპარაკია ბრალდებაზე და თუ ამას საფუძველი აქვს, პროკურატურა დადებს დასკვნას.
თუ ისეთი სერიოზული საკითხი იქნება და პროკურატურა მიიღებს ძიებაში, აუცილებლად დავინტერესდები”, – განაცხადა ქობულიამ.
კითხვაზე, უწევთ თუ არა ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 000 ლარის გადახდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ფანტაზიის კიდევ ერთი ნაყოფია.
შეგახსენებთ, „კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გზავნილში ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევას და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები