კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.
სპეციალისტებმა ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებასა და საფუტკრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“, რომელიც ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასზე მეტ ფერმერს გაეწია კონსულტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები