დავით სერგეენკო: მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იმის მოსმენამ, რომ ადამიანები ისევ ცდილობენ დაგეგმონ კიდევ არეულობის მოხდენა
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე რევოლუციაზე საუბრობენ.
სერგეენკო დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება არეულობას არ დაუშვებს.
“ბოლო დროს იმდენი ფარული ჩანაწერი მოვისმინე, მიჭირს რეაგირება. თუმცა, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იმის მოსმენამ, რომ ადამიანები ისევ ცდილობენ დაგეგმონ რაიმე სისხლისღვრა და არეულობა. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური იქნება და ხელისუფლება არ დაუშვებს არეულობას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, გუშინ, სოციალურ ქსელში ახალი ფარული აუდიო ჩანაწერი სახელწოდებით “სააკაშვილის ახალი რევოლუცია” გავრცელდა.
ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობენ.
ჩანაწერს უკრაინული ვებ-გვერდი zdes.com.ua ავრცელებს.
“შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ… უნდა გადავიყვანოთ რევოლუციურზე”-ნათქვამია ჩანაწერში.