სერგეენკო ონში მომხდარ დაჭრაზე: რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ექიმმა პაციენტს პოლიტიკური მოსაზრების გამო დახმარება არ აღმოუჩინა
გაოცებული ვარ, რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ექიმმა პაციენტს შეგნებულად, პოლიტიკური მოსაზრების გამო დახმარება არ აღმოუჩინა? – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “ნაცმოძრაობის” ონის ორგანიზაციის თავმჯდომარის ნოდარ ბურდილაძის დაჭრის შემდეგ ოპონენტების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ექიმებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.
“გუშინ მოვისმინე გარკვეული შეფასებები და ვარ გაოცებული, რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეგნებულად, პოლიტიკური მოსაზრების გამო დახმარება არ აღმოუჩინა. ექიმისთვის ამაზე მძიმე შეურაცხყოფა მე უბრალოდ არ ვიცი. არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს და მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ექიმები ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით კი არა ბრძოლის ველზე მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გუშინ დაჭრა.