გიორგი ღვინიაშვილი ვეჯინში მომხდარ ინციდენტზე: იმედია, გამოძიება არ იტყვის, რომ ეს კრიმინალური გარჩევის შედეგია (ვიდეო)

პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ღვინიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
როგორც ღვინიაშვილმა “კვირასთან” საუბარისას განაცხადა, ხელისუფლება ძალადობრივ ფონს თესავს.
“მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა ხდება წინასაარჩევნოდ – მიდის თითოეული ადამიანის დატერორება,შეშინება და იმის მოთხოვნა, რომ მხარი ღიად დაუჭირონ ხელისუფლების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. მაგრამ რაც ვეჯინში მოხდა, მართლა ყველანაირ ზღვარს სცილდება. იმედია, გამოძიება არ იტყვის, რომ ეს კრიმინალური გარჩევის შედეგია, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონი, სოფლის ექიმი, რომელიც ემსახურება სოფელს და მის სახლში ისროლეს სამი მოლოტოვის კოქტეილი. ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, იმასაც უშვებენ, რომ ამას შესაძლოა მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ამ მეთოდებით ვერაფერს გახდებიან და ისინი არიან განწირულები წაგებისთვის და უნდა შეეგუონ, ხელისუფლებამ დათესა ძალადობრივი ფონი. მე შეიძლება ვინმეს კონკრეტულად ხელი ვერ დავადო, მაგრამ ამ ადამიანს შეხვედრები ჰქონდა დღეს. შესულია პოლიციაში და იძლევა ჩვენებას”, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
ვეჯინში ინციდენტი წუხელ მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი აცხადებდა, რომ მის საცხოვრებელ სახლში სამი ბოთლი ე.წ მოლოტოვის კოქტეილი დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს.
“კვირას” ინფორმაციით, ე.წ მოლოტოვის კოქტეილების სამი ბოთლი ელმირა ბეციაშვილის სახლის ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ბოთლი ავტომობილის ქვეშ, ხოლო ორი ავტომობილის გვერდით ეგდო.
ინციდენტის დროს ელმირა ბეციაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ორი კოორდინატორი, ცოლ- ქმარი თამილა სიბაშვილი და გოჩა იმედაშვილი.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის არ მიცემის გამო, დედამთილს მეუღლესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და დაკბინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები