რას აცხადებს ვეჯინში მომხდარ შემთხვევაზე ელმირა ბეციაშვილის მეუღლე (ვიდეო)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის მეუღლე ვალერი ბეციაშვილი “კვირასთან” საუბრობს.
ის შემთხვევისას მეუღლესთან და სტუმრებთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
“ჩემმა მეგობარმა, გოჩა იმედაშვილმა დამირეკა – სახლში ხართო? და ვუთხარი კი-თქო, მოვიდნენ ის და მისი მეუღლე სტუმრად ჩვენთან. შემოვიდა მანქანით, ბილიკით გავედით სახლში, დომინოს ვთამაშობდით, მერე სიგარეტის მოსაწევად გამოვედი და დავინახე რომ მანქანას ცეცხლი ეკიდა. 2 ბოთლი დავინახე, მანქანა რომ გავაგორეთ მესამე ბოთლი მანქანის ქვეშ ეგდო. მეგობარს ვუთხარი შენი მანქანა იწვის-მეთქი, ცოლს კი ვუთხარი პოლიციაში დაერეკა. მანქანა დაწვას გადარჩა, მაგრამ დაზიანებულია, მანქანა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, არ იცოდნენ მეგობრის მანქანა რომ იყო ამ კარებიდან სპეციალურად გადმოაგდეს და გადმოისროლეს, რომ ჩემი მანქანა დამწვარიყო. მიზანში ჩემი იყო, მაგრამ მეგობრის ავტომობილი დაზიანდა. დაკითხვა მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში წარიმართა, ეს ბოთლები ექსპერტიზაზეა გადატანილი. ექსპერტიზას დრო უნდა, არ ვიცი, რა იქნება. ეს არის პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული. თუ ვაშაძე გაიმარჯვებს გამოძიებას მსვლელობა მიეცემა, მე ამათი იმედი არ მაქვს”, -აცხადებს ვალერი ბეციაშვილი.
ვეჯინში ინციდენტი წუხელ მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი აცხადებდა, რომ მის საცხოვრებელ სახლში სამი ბოთლი ე.წ მოლოტოვის კოქტეილი დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს.
“კვირას” ინფორმაციით, ე.წ მოლოტოვის კოქტეილების სამი ბოთლი ელმირა ბეციაშვილის სახლის ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ბოთლი ავტომობილის ქვეშ, ხოლო ორი ავტომობილის გვერდით ეგდო.
ინციდენტის დროს ელმირა ბეციაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ორი კოორდინატორი, ცოლ- ქმარი თამილა სიბაშვილი და გოჩა იმედაშვილი.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის არ მიცემის გამო, დედამთილს მეუღლესთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და დაკბინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები