პროკურატურაში ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტორეპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე დღეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილ ფოტორეპორტიორებს გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძეს, ნათია და ირაკლი გედენიძეებს შეხვდნენ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცეს.
კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ხელახალი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა თუ როგორ დაიგეგმა ფოტოგრაფების დაკავება, როგორ შედიოდნენ ყოფილი სამართალდამცველები დროებითი დაკავების იზოლატორსა და საპატიმრო დაწესებულებაში და როგორ ახდენდნენ დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით მათზე ზეწოლას და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რათა ფოტორეპორტიორებს არარსებული დანაშაული ეღიარებინათ და ცრუ აღიარებითი ჩვენებები მიეცათ.
მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულისთვის უკვე ორი პირია გასამართლებული, ერთ-ერთი მათგანი სასჯელს იხდის, ხოლო მეორის მიმართ მიმდინარეობს ძებნა.
„მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც პროკურატურამ მიაღწია, არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობა და წარდგენილი ახალი მტკიცებულებები უძღოდა წინ და რომლის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთხივე მსჯავრდებული გაამართლა“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობდა, ერთი მიმართულება იყო ამ დანაშაულში საჯარო მოხელეების მხილება და მეორე – ფოტორეპორტიორების გამართლება იმ მოგონილ დანაშაულში, რომელიც ბრალდების სახით წარუდგინეს.
„მესამე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება რომელიც დაზარალებულებს გავაცანით არის ის, რომ გამოძიება გრძელდება უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებით და შეკვეთითაც განხორციელდა დანაშაული ფოტოგრაფების მიმართ. გამოძიება მიმდინარეობს და როდესაც გვექნება საკმარისი საფუძველი და საკმარისი მტკიცებულებები დავიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, – განმარტა კოკა კაციტაძემ.
ფოტორეპორტიორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პროკურატურას გაწეული შრომისთვის და საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის.
„შევხვდით ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რომლებმაც უშუალოდ აწარმოეს ჩვენი საგამოძიებო მოქმედებები, მათ მიერ გამოვლენილი მტკიცებულებების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში მოხდა ჩვენი გამართლება, შესაბამისად მათგან მივიღეთ მილოცვა და შემდგომი რეკომენდაციები, მას შემდეგ რაც საქმე გადმოგვეცემა, გავეცნობით ჩვენი რეაბილიტაციის და შემდგომი ზარალის ანაზღაურების დეტალებს. დოკუმენტაციის მიღების შემდგომ უკვე ჩამოვყალიბდებით ჩვენი მხრიდან რა სახით, რა ფორმით და რა ტიპის რეაბილიტაციაზე იქნება საუბარი“,- აღნიშნა ნათია გედენიძემ.
„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. იმიტომ, რომ ჩვენი პირველადი მოთხოვნა დამკვეთების დასჯა იყო. ჩვენ ძალიან დიდი ემოციებით ველოდებოდით ამ დღეს, როდესაც სასამართლო სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. 2011 წელს წინა ხელისუფლებამ ჩვენ, უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირა, გლდანის საპყრობილეში გვაწამეს და გვაიძულეს გვეღიარებინა ის, რაც არ ჩაგვიდენია. ახალმა დეპარტამენტმა გამოიძია ეს საქმე, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, ჩვენი პატიმრობის პერიოდში ერთ-ერთ საიტზე სატელეფონო საუბრები დაიდო, სადაც აშკარად ჩანს, რომ ამ საქმის გაყალბებაში ღებულობდა მონაწილეობას უტიაშვილი, ხიზანიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, სააკაშვილი. ეს ადამიანები არიან ამ საქმეში ჩართულები. ჩვენ დანაშაული არ გვქონდა ჩადენილი და საგარეო საქმეთა სამინისტროდან არც ერთი საბუთი არ დაკარგულა. ჩვენ გაგვიშვეს ციხეში, 20 წლით გვიშვებდნენ საპატიმროში და გაგვინადგურეს ფსიქიკა. იქ რაც ვნახეთ, ის არასდროს აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა ახალ პროკურატურას, ახალ დეპარტამენტს, რომელმაც გამოიძია ეს საქმე და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გასამართლებული 4 ფოტორეპორტიორი გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები