ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი რეგულაციების შემუშავების პროცესში ინდუსტრიის ჩართვის მიზნით სამუშაო ჯგუფი იქმნება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტმა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელ რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა.
როგორც “კვირას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, პროცესი ითვალისწინებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების წესების, ასევე თანმდევი პროცედურებისა და სახელმძღვანელო მასალების შემუშავებას.
ნორმატიული აქტების მიღების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და მათი რეკრეაციული და კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციამ განაპირობა. ამასთან, ვინაიდან ჩიკაგოს კონვენცია “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” და მისი დანართები ზოგად სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას ადგენენ, არსებული მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სრული მოცულობით ვერ უზრუნველყოფს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის სამართლებრივ მოწესრიგებას ან თანაბრად ვრცელდება ყველა სახის ექსპლუატანტზე, რაც წარმოადგენს დაბრკოლებას აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის. ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება, ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ე.წ. „მცირე ავიაციის“ განვითარებას საქართველოში.
რეგულაციების შემუშავების პროცესში, ინდუსტრიის ჩართვის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქმნის სამუშაო ჯგუფს. ჯგუფში მოწვეულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო და საავიაციო უწყებების, აგრეთვე მსუბუქი ავიაციის ფედერაციების/ჯგუფების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვის მსურველები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: uas-ga@gcaa.ge და მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურები არაუგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა. ℹ ელ. წერილში გთხოვთ მიუთითოთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია (იურ. პირის არსებობის შემთხვევაში) და საქმიანობის მოკლე აღწერილობა.
შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან.
(R)