მერაბ ჭანუყვაძე: ივანიშვილმა მხოლოდ ოზურგეთში, 100 მილიონი დახარჯა და ეს არ იყო არჩევნებისთვის

“მაშინ როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელიც დღეს ურცხვად ატყუებს მოსახლეობას და ამბობს, რომ ქვეყანაზე ზრუნავდნენ, ბიძინა ივანიშვილმა, მხოლოდ ოზურგეთში 69 მილიონი დახარჯა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტებით იწონებენ თავს და უსინდისოდ იწერენ სხვის გაკეთებულ საქმეებს“, – ამბობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ცდილობენ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს და პროექტები მხოლოდ მათი მმართველობის პერიოდში ხორციელდებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არაფრის რცხვენია ეს ახალი არავისთვისაა, მაგრამ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ მხოლოდ ისინი აკეთებდნენ საქმეებს. დადიან სოფლებში და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის გაკეთებული საქმეებით იწონებენ თავს“, -აღნიშნავს მერაბ ჭანუყვაძე.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ, 2006-2012 წლები საქველმოქმედო საქმიანობაში 68 960 482.68 ლარი დახარჯა: პარკი “ციცინათელა” ივანიშვილს, რომელიც დღეს სახელმწიფოს კუთვნილებაა, 60 259 621 ლარი დაუჯდა; სოფელ ნატანებში ნაგავსაყრელის გაკეთება 1 872 175 ლარი; ურეკის “ემერჯენსი” _ 1 665 871 ლარი; ურეკის კულტურის სახლი _ 1 503 961.65 ლარი; ურეკის მაგისტრალური გზის გარე განათების მოწყობა _ 890 098 ლარი; ნაგავსაყრელი სოფელ მერიასთან _ 750 071 ლარი; წყალწმინდის საშუალო სკოლა _ 573 421 ლარი; პოლიციის შენობა ურეკში _ 10 154 ლარი; ურეკის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა _ 25 298 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თეთრი პეპელას შეწამვლის დაფინანსება _ 329 021.75 ლარი.
მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომლის დამალვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ყველაფრის თქმა არ უნდა და გონიათ, რომ ხალხსაც არაფერი ახსოვს. არადა, ოზურგეთელებმა კარგად იციან ვინ და რას აკეთებდა. აქ ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხისთვის საჭირო და აუცილებელ პროექტებს აფინანსებდა წინა ხელისუფლების დროსაც და აფინანსებს ახლაც და ამას არჩევნებისთვის არ აკეთებს. არც „ციცინათელა“, არც საავადმყოფო, არც სკოლა, არც „black sea arena“, არც მუსიკოსთა პარკი და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები ივანიშვილს არჩევნების გამო არ გაუკეთებია და შუბლის ძარღვი უნდა ჰქონდეს ადამიანს გაწყვეტილი ეს რომ ვერ დაინახოს. შეუძლებელია ვერ დაინახო, რომ ამ ადამიანის დამსახურებით ოზურგეთი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული „black sea arena”-ს სცენას ბოლო ორი წელია მსოფლიო ვარსკვლავები იპყრობენ“,- აღნიშნავს მერაბ ჭანუყვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები