პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირას“ უცველად გთავაზობთ:
„ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს, სასჯელის მოხდის პერიოდში, ყველა ეტაპზე გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციების ჩატარებასა და დადგენილი დიაგნოზების შესაბამის მკურნალობას როგორც პენიტენციური სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში.
შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა, შედეგით – ნორმის ფარგლებში.
ამასთან, გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, მწვავე და ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაციის ნიშნები გამოირიცხა. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ობიექტურ-კლინიკურ შეფასებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ ყოფილა. ასევე, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროფილის ექიმი-სპეციალისტის მიერ საჭიროდ არ იქნა მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას.
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შპს „მედიქლაბ ჯორჯიას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები