კოსტავა-შარტავასა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

კოსტავა-შარტავასა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა: შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა წყალარინების სისტემა, მთლიანად შეიცვალა წყლის მილები და მოეწყო სანიაღვრე ქსელები.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები თავისი LED სანათებით. ჰაერში გადაჭიმული სადენები მიწისქვეშაა ჩატანილი. ასევე, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და სწრაფი იყოს. შშმ პირებისთვის კი ადაპტირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა.
“ზოგადად მიდგომა შევცვალეთ არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. სადაც შესაძლებელია, გვინდა, მწვანე სივრცეები გავაკეთოთ. აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 200 ძირი ხე-მცენარე განთავსდა. ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენ ასეთი მიდგომები გვექნება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებთ”,-განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ცნობით, ასევე, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა-შარტავას ქუჩებს გამჭოლი ქუჩებით პეკინის გამზირთან აკავშირებს, ტროტუარებზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის მოსაცდელები.
დღესვე დასრულდა ქუჩების ორივე მხარეს ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადაადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავროს.
​თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე „ბასლეინების“ ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა, „ბლექ სი გრუპმა“ და „ენ სი სიმ“ განახორციელეს. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები