„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პროფკავშირებს გაქრობა ემუქრება”

პროფკავშირების გამოწვევებს გასაქანი მხოლოდ დემოკრატიულ მმართველობაში აქვს, ამიტომ გვესახება, რომ მათზე პასუხის მიღება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში მეტად იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისში, პროფკავშირების კულტურის ცენტრში გამართულმა შეხვედრამ, რომელზეც პროფკავშირებმა თავისი წევრები მოიწვიეს, სრული ანშლაგით ჩაიარა. 1500-კაციან დარბაზში არცერთი თავისუფალი ადგილი დარჩენილა, დაკავებული იყო როგორც იარუსი, ასევე, დარბაზის აივნები, კიბე და ფართო ფოიე, სადაც მონიტორზე ადევნებდნენ თვალს დარბაზში მიმდინარე გამოსვლებს. ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების ნაწილმა, სიმრავლის გამო, სცენა დაიკავა.
ინფორმაციის ხაზგასმას დამსწრეთა სიმრავლის შესახებ მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, შეხვედრას 500-მდე ადამიანი ესწრებოდა და თანაც, ისინი არა საკუთარი სურვილით, არამედ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის “დაბარებით” მოვიდნენ და მათ “მოსთხოვეს” მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის დაეჭირათ.
რეალურად, შეხვედრას არა რომელიმე პარტიის მხარდამჭერები, არამედ ნეიტრალური პოზიციის მქონე იმ 54% -ში დარჩენილი ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ ემხრობა.
შეხვედრაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ საზოგადოება ახალი მესამე ძალის ძიებაშია, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული მოქალაქეთა სოციალურ ინტერესებზე. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ შეხვედრაზე არ მიუღია ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა პროფკავშირებისგან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წლებში ვერ შეძლო მოქალაქეთა სოციალური დაკვეთის შესრულება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროფკავშირების გამოწვევებს გასაქანი მხოლოდ დემოკრატიული მმართველობაში აქვს, გვესახება, რომ მათზე პასუხის მიღება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში მეტად იქნება შესაძლებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში კი პროფკავშირებს გაქრობა ემუქრება, რევანშიზმი და აქციები კი ქვეყანას არათუ გააჯანსაღებს, არამედ საერთოდ მსოფლიო რუკიდან წაშლის.
პროფკავშირების გაერთიანება იღებს გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე გააკეთოს არჩევანი. მხარი დაუჭიროს წარმოდგენილი ორიდან, შედარებით ადეკვატურს, იმისთვის რომ 2020 წლისთვის გამოიყენოს ის ღიად დარჩენილი სივრცე და პოლიტიკურ ველზე გააჩინოს ახალი, ხალხზე ორიენტირებული რიტორიკა, რომელიც მოქალაქეთა იმ 54%–ის მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმა არცერთ წარმოდგენილ კანდიდატს არ მისცა.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული მედია აქტიურად ეცადა შეხვედრისა და პროფკავშირების პოზიციის ნეგატიური შემფასებლების არასამთავრობო სექტორში პოვნას, თუმცა დასაყრდენი იქ ვერ ნახა, რადგან არასამთავრობო სექტორმა კარგად იცის, რა პირობებში არსებობდა პროფკავშირი მაშინ და რისი უფლება აქვს გარანტირებული კანონით. (პროფკავშირებს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აქვთ უფლება მხარი დაუჭირონ მათთვის მისაღებ და მათი ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას) როგორც ყოველთვის, მსგავს ვითარებაში ნეგატიური შემფასებლის ფუნქციას ყავლგასული და ურეიტინგო პარტიები იღებენ საკუთარ თავზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები