გია ჟორჟოლიანი: გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში არ იქნება დემოკრატიული გარემო

ხალხი გაბრაზდა, რა თქმა უნდა. გაბრაზებული მოქალაქეების რეაქცია იყო არჩევნების პირველ ტურში, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
“მე მგონია, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაბრაზებული, ის, ვინც არ მივიდა, ის, ვინც მივიდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა. მე მგონია, რომ გაბრაზებული მოქალაქეები არიან იმათ შორისაც, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა. ეს არ არის ცუდი, იმიტომ, რომ გაბრაზებული მოქალაქე არის, ასე ვთქვათ, პროგრესის მამოძრავებელი, სტიმულის მიმცემი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაიწყონ აქტიური მოქმედება მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მაგრამ, მე მინდა ვთქვა. რომ თუ ეს გაბრაზებული მოქალაქეები ამითი შემოიფარგლებიან და თვითონ არ ჩაერთვებიან პროცესებში, ისინი შედეგს ვერ მიიღებენ. ასე, რომ მე ამას ვიზიარებ, მაგრამ ამავე დროს, ვიზიარებ იმას, რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი ცალსახად მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში.
ეს ხალხი იმასაც ხვდება, რომ იმისათვის რომ მათ შემდგომში იმოქმედონ, აუცილებელია, იყოს სტაბილური და დემოკრატიული გარემო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ეს არ იქნება. იქნება პოლიტიკური კრიზისები, არ იქნება დემოკრატიული გარემო, არ იქნება დისკუსიის ადგილი, ხალხის ჩართვის შესაძლებლობა. ასე რომ, მგონია, ხალხი 28 ნოემბერს მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, იმისათვის, რომ თავისი ეს გაბრაზება გადაიტანოს კონსტრუქციულ ჭრილში და გააუმჯობესოს ქვეყანაში მდგომარეობა.
წარსულში დაბრუნება არ შეიძლება, ჩვენ უნდა წავიდეთ მომავალში. წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა სრულად უნდა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია.
„აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის, ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს გრძნობს, თვითდაჯერებულობა ემატება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები