კახა კალაძე: მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და მეტ პროექტსაც განვახორციელებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და მეტი პროექტიც განხორციელდება.
როგორც მან განაცხადა, წარდგენილ პირველად ვარიანტში, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე.
„გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა არაადეკვატური გამოხმაურება. ეს არავის არ გვიკვირს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს.
მე მინდა, გაგაცნოთ თბილისის ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი: ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა არის 871 მილიონი, ამაში შედის როგორც ჩვენი მერიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი. ეს ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარით მეტია. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტი ჩვენ გვაქვს 912 მილიონი და აქვე, პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმაზე მეტი იყოს ბიუჯეტი ვიდრე მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტია, რათა შევძლოთ მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქისთვის.
​ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ განვახორციელოთ იმაზე მეტი პროექტი, ვიდრე განხორციელდა წელს.
ჩვენ, ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით და ამას დროდადრო გაგაცნობთ.
მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. ყველაფერი მიდის სწორად, დაგეგმილად, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, ვიდრე წელს განხორციელდა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები