“შედარებით სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, შემდეგ ჰაერში აზოტის ოქსიდების შემცველობა მატულობს“

შედარებით სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ 03:00 საათიდან 07:00 საათამდე. 07:00 საათიდან აზოტის ოქსიდების შემცველობა ჰაერში უკვე მატულობს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
ლალიაშვილმა ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა და ასევე, იმაზე, თუ რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
როგორც ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, მათ ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები გამოიყენეს. კერძოდ, ერთი ლოკაციის, წერეთლის გამზირის მაჩვენებლები.
მისი თქმით, შედეგების მიხედვით, წერეთლის გამზირზე ტექინსპექტირების რეფორმის შედეგად ჰაერი მკვეთრად არ გაუმჯობესებულა.
ლალიაშვილის განმარტებით, თუ აზოტის ოქსიდების საშუალო ნიშნული ორმოცი ერთეულია, დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მატულობს.
„მონაცემები შევაჯერეთ ერთ ლოკაციაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულად ითვლება, ეს არის წერეთლის გამზირი. რამდენიმე პარამეტრიდან ის პარამეტრები შევაჯერეთ, რომელიც ტრანსპორტთან მიმართებაშია, ეს არის აზოტის ოქსიდები, CO, pm10 .
მოკლე პერიოდია და დიდი მოლოდინი არც გვქონდა ამ ფონზე, რომ ჰაერის ხარისხის ცვლილება იქნებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა შევადარეთ ოთხი თვის მონაცემები, როგორც 2017 წლის, ეს იყო აგვისტო -ოქტომბერი, ასევე 2018 წლის იგივე პერიოდის მონაცემები. დამაბინძურებლებში მკვეთრი სხვაობა არ იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე. დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს და მხოლოდ ღამის 00:00 საათიდან იწყებს კლებას და ეს კიდევ ერთხელ გვაზუსტებინებს ჩვენ იმ ვარაუდს, რომ ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი იმ გამოფრქვევებისა, რომელიც იწვევს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის თუ სხვა მძიმე დაავადებებს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო ამ დროისთვის მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინე არაბიძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგებით, თბილისში ატმოსფერული ჰაერში არის აზოტის დიოქსიდების და მყარი შეწონილი ნაწილაკების (იგივე მტვრის) გადაჭარბება.
“შედეგები ასეთია: თბილისში შედარებით მაღალი დაბინძურებაა წერეთლის გამზირზე. არის ნივთირებები, რომლებზეც არანაირი პრობლემა აღარ არსებობს, მაგალითად ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი ( CO ). არის აზოტის დიოქსიდები და მყარი ნაწილაკები. აზოტის დიოქსიდების წყარო არასრული წვაა. შეიძლება საწვავი კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ გაუმართავი მანქანა გვაძლევს ამ შედეგს”, – განაცხადა არაბიძემ.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ განაცხადა, რომ ტექდათვალიერების გასავლელად მძღოლები გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავენ.
„ისევ ვხედავთ ქალაქის ქუჩებში მბოლავ ავტომანქანებს, განსაკუთებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ლეგიტიმურ აღშფოთებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტს გავლილი აქვს ინსპექტირება და მაინც ბოლავენ. ფაქტია, რომ რაღაც პრობლემაა. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ინსპექტირების ცენტრებიდან ვიცით, ცენტრის შესვლის დროს ისინი ასხამენ მაღალი ხარისხის საწვავს და მეორე, იყენებენ რაღაც დანამატს, რომ იმ მომენტში გაიარონ შემოწმება. მთავარი პრობლემა, რაც დადგა ამ პროცესში არის ის, რომ კატალიზური გარდამქმნელები არ აქვს ასეთ მანქანებს“, – განაცხადა კვაშილავამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მანქანის გამონაბოლქვში, CO-ს შემცველობის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლები უნდა ჯარიმდებოდნენ.
„შეიძლება, მანქანა არ ექვემდებარებოდეს ტექინსპექტრებას, ჰქონდეს პრობლემა, როგორც არის ხოლმე, ბოლავდეს, ამას ამჩნევდეს საპატრულო პოლიცია, ან თანამედროვე დანადგარები, რომელიც, შესაძლებელია, განთავსდეს საავტომობილო გზებზე. ისინი ადგენენ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობას, თუ ის იქნებოდა გადაჭარბებული, შეიძლებოდა გამოწერა საჯარიმო ოქმის, რომელიც იქნებოდა, ერთის მხრივ, ფინანსური, მეორეს მხრივ – ვალდებულება ავტომფლობელისთვის, რომ დარღვევა გამოესწორებინა. ანუ აღსრულების გზით მეტ შედეგს მივიღებთ, ვიდრე დღეს“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები