„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იტალიურ ანსამბლ „ZEFIRO“-ს უმასპინძლებს

19 ნოემბერს, გერმანელმა დირიჟორმა, ქრისტოფ მაიერმა და „საქართველოს სინფონიეტამ“ იტალიურ-ინგლისური ბაროკო წარმოადგინეს. მაესტომ, მსმენელს ტრადიციულად დეტალურად გააცნო თითოეული კომპოზიტორი და ნაწარმოები, რომელსაც შეასრულებდნენ. კონცერტი სასიამოვნო საღამოსთან ერთად, მეტად ინტერაქტიული და შემეცნებითი გამოვიდა და შესაბამისად დიდი წარმატებითაც შედგა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2018“ გრძელდება და 22 ნოემბერს იტალიურ ანსამბლ „ZEFIRO“-ს („ძეფირო“) უმასპინძლებს.
„ბერძნულ მითოლოგიაში, ზეფირი – იტალიურად ძეფირო (ZEFIRO) – დასავლეთის ნაზი და თბილი ქარის ღმერთი იყო. 1989 წელს, ჰობოისტმა ალფრედო ბერნარდინიმ, პაოლო და ალბერტო გრაცისთან ერთად დააარსა ანსამბლი ZEFIRO, რომელიც მე-18 საუკუნის ჩასაბერი საკრავების რეპერტუარზე იყო ორიენტირებული. მას შემდეგ ZEFIRO მონაწილეობს ევროპის მნიშვნელოვან ფესტივალებში, მათ შორის ამსტერდამის, ბარსელონას, ლონდონის, მილანის, მიუნჰენის, პარიზის, პოტსდამის, პრაღის, ზალცბურგის, უტრეხტის, ვენისა და სხვა მრავალი.
მათ აგრეთვე დაკრული აქვთ ისრაელში, ეგვიპტეში, იაპონიაში, კორეაში, აშშ-ში, კანადაში, არგენტინაში, ჩილეში, ურუგვაიში და ბრაზილიაში. ანსამბლი, როგორც მსმენელისგან, აგრეთვე პრესისგან ერთნაირად დადებით შეფასებას იღებს. ZEFIRO-ს ჩანაწერები მოიცავს იან დისმას ზელენკას 6 სონატას ფაგოტისთვის და ორი ჰობოისათვის, ვ. ა. მოცარტის სრულ რეპერტუარს ჩასაბერი საკრავების ანსამბლისთვის, ნაწყვეტებს ვ. ა. მოცარტის სამი ოპერიდან, მათ მიერ გადამუშავებულ ვერსიებს 12 ჩასაბერი საკრავისა და კონტრაბასისთვის (ლიბრეტო – ლორენცო და პონტე); აგრეთვე ა. ვივალდის Concerti per vari strumenti, ასევე კონცერტებს ჰობოის, ფაგოტისა და სიმებისათვის და ა.შ.
ანსამბლის უკანასკნელმა ჩანაწერებმა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოები, როგორიც არის – Grand Prix du Disque, the „Premio Nazionale Classic Voice“ და სხვა.
ZEFIRO მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ბაროკოს პერიოდის ჩასაბერი საკრავების რეპერტუარის ვირტუოზული შემსრულებლები. ZEFIRO-ს მოღვაწეობა სამ მიმართულებად იყოფა: კამერული ანსამბლი, ჩასაბერი საკრავების ანსამბლი (Harmonie) და ბაროკოს ორკესტრი, რომელიც მოცავს ბაროკოს პერიოდის რეპერტუარს ვივალდის კონცერტებიდან ჰენდელის ოპერებამდე, ბახის კანტატებიდან ჰაიდნის მესებამდე და ასევე მოცარტის, როსინისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს ჩასაბერი საკრავებისათვის“, – აღნიშნავს თეა მუქერია.
22 ნოემბერს, მუსიკოსები შემოგვთავაზებენ კონცერტს – „ჰარმონიული საღამო ვენაში“ და შეასრულებენ ფ. კრომერის, ვ. ა. მოცარტისა და ლ. ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.
კონცერტი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 19:30 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათზე მცირე სცენის გვერდით ფოიეში დავით გიგინეიშვილის ლექცია-წინასიტყვაობა ჩატარდება, სადაც მსმენელი მიიღებს ინფორმაციას იმ მუსიკის შესახებ, რომელსაც კონცერტზე მოისმენს.
ფესტივალი 25 ნოემბერს გაგრძელდება, შესრულდება ჰაიდნის სიმფონიები და მოცარტის „რეკვიემი“.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში და ონლაინ: www.biletebi.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: www.tbf.ge.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები