ეკა გიგაური: მტკიცებულებებს ვერ წარვადგენდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვართ საგამოძიებო ორგანო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარადგენენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი საგამოძიებო უწყებას არ წარმოადგენენ.
მისი თქმით, კანონით, წყაროს დასახელება არც ევალებათ და არც აპირებენ, რადგან ორგანიზაციები იცავენ ადამიანის უფლებებს.
როგორც პროკურატურაში შესვლის წინ ეკა გიგაურმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებას მიაწვდის იმავე ინფორმაციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს წყარომ მიაწოდა.
„უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ განცხადებაში, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. გუშინ განცხადებაში ვსაუბრობდით სახელებზე და გვარებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები, ასევე, როდის და რა პირობებში, ამიტომ ეს საკმარისია, რათა გამოძიება დაიწყოს და კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამის შემდეგ, უკვე არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გვქონდა, გაეცეს პასუხი.
კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარვადგენდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. ძალიან ვთხოვ ყველას, ზუსტად განსაზღვრონ უფლებები და ის მოვალეობები, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც აქვს საგამოძიებო ორგანოებს. რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი, არის თუ არა ეს ყველაფერი მასობრივი ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია და შესაბამისად, არ ვიცით”, -განაცხადა ეკა გიგაურმა.​
​შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები