ეკა ლალიაშვილი: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას ქრთამის შეთავაზების ფაქტები გამოვლინდა

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ ტექდათვალიერების ცენტრებში, პერსონალთან ქრთამის შეთავაზების ფაქტები იყო, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციამ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მონიტორინგი განახორციელა. ლალიაშვილის თქმით, კვლევა ჩატარა 7 ინსპექტირების ცენტრში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
„გარდა დაკვირვების მეთოდისა, ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა მხარესთან. საბოლოო ჯამში, შეიქმნა ერთიანი სურათი, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები, მძღოლები, თავად ინსპექტორები რეფორმასთან დაკავშირებით. აქ იკვეთება რამდენიმე საკითხი, ეს არის თავად რეფორმის მართვა, მენეჯმენტი და მონიტორინგი პროცესისა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, მაგრამ იკვეთება სერიოზული შეფერხება, იმიტომ რომ არ არსებობს სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც გაუწევს მართვას და კონტროლს თავად ტექინსპექტირების ცენტრებში, შეფასებას გააკეთებს ამ პროცესისას, ეს მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ხორციელდება რეფორმა, მას სჭირდება სერიოზული კონტროლი. ეს არის დასახვეწი. სტატისტიკასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ აღირიცხება როგორც ტექინსპექტირების ასოციაციების მიერ, ასევე ინსპექტირების ცენტრების მხრიდან, რომლებიც არ არიან ერთიან ბაზაში შესული. სასურველია, რომ ეს ბაზები იყოს ერთიანი, თუნდაც ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, თუნდაც ერთიანი სურათის დანახვის კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ ბაზები იყოს ერთ სტანდარტში მოქცეული“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, მონიტორინგის მიმდინარეობისას პერსონალის კვალიფიკაციის საკითხიც გამოიკვეთა.
„ვიცით, რომ გადამზადება ხდება და ეს არის დამოკიდებული ტექინსპექტირების ცენტრებზე, 1-თვიან კურსს გაატარებენ, 3 -თვიანს, თუ 11-თვიანს. რიგ შემთხვევაში გამოიკვეთა კომუნიკაციის სისუსტე თავად მომხმარებლებთან, რაც მეტად მნიშვნელოვანია ხოლმე.  საბოლოო ჯამში კმაყოფილების კუთხით, გამოიკვეთა ის, რომ პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია, თუნდაც იმ პარამეტრების გარეგან დათვალიერებაზე, რაც ავტომატურად არ ხდება და მის ხელშია, თუ რამდენად მონიშნავს იმ პარამეტრებს, ეს იქნება საბურავი, ღვედები, ავტომობილის გარეგანი თუ სლონის მდგომარეობა. პერსონალის კვალიფიკაცია და მისი კეთილსინდისიერება, მეტად მნიშვნელოვანია, მისი ცნობადობის დონე მნიშვნელოვანია და ეს სამი მიმართულება საჭიროებს ასევე გადამზადების კუთხით დახვეწას.
კორუფციის რისკებს რაც შეეხება, ესეც საინტერესო მიგნებაა, ფოკუს ჯგუფებში გამოიკვეთა, რომ ქრთამის შეთავაზების ფაქტები პერსონალთან იყო. არ იყო ეს მუდმივი და ინტენსიური, მაგრამ პრეცედენტები არსებობდა და აქაც მხოლოდ პერსონალის კეთილსინდისიერების იმედად რომ არ ვიყოთ, მონიტორინგის მნიშვნელობა არის მეტად გასათვალისწინებელი.
ასევე ვიტყოდი რიგიანობის შესახებ, ჯერჯერობით თვითდინებით მიდის. ვიცით, რომ ვებგვერდი არსებობს, სადაც მძღოლებს შეუძლიათ, ჩაეწერონ, ასევე არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც შეუძლიათ, გამოიყენონ, დარეკონ და ჩაეწერონ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება. ამას სჭირდება საზოგადოების ძალიან სერიოზული ინფორმირებულობა”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზეა. პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. პირველი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. პირველი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. პირველი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები