აკაკი ზოიძე: ჩვენი სიძლიერე იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე თვლის, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პარტიისადმი საყვედურები ლეგიტიმურია.
მისივე თქმით, პარტია იმით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეცდომებზე სწავლობდეს.
„მისი ლეგიტიმური საყვედური გასაგებია, რადგან თვითდაჯერებულობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ გვეგონა, მხარდაჭერა რეალურად უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ჩვენს მხარდამჭერებში უფრო მეტი განაწყენებული ადამიანი იქნებოდა. კვლევის ჩატარების მიმართულებით, სად იყო ჩავარდნა, ეს ცალკე თემაა. არჩევნების შედეგი ცივი შხაპი იყო, რომელიც ერთის მხრივ, გაფხიზლებს, მეორეს მხრივ კი, ახალ ენერგიას გაძლევს.
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ამ მიმართულებით გავამახვილოთ. მისი მხრიდან სამართლიანი საყვედური ითქვა და პარტია იმით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეცდომებზე სწავლობდეს. ჩვენი სიძლიერე იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ და ის გზა კარგად გავაგრძელოთ, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ მიგვიყვანს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ პირველ არხთან საუბრისას.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა დონეზე ახალი ენერგიის შეტანა აუცილებელია.
„არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ამას ის მოსახლეობა ვერ გრძნობს, რომელმაც მხარი არ დაგვიჭირა. ამისთვის აუცილებელია გადახალისება და ხელისუფლების ყველა დონეზე ახალი ენერგიის შეტანა იმით, რომ ისეთ ინსტიტუტებს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ხალხი დაინახავს, რომ მათ დაქირავებული პროფესიონალი საჯარო მოხელეები ჰყავს, რომელთათვის მთავარია ხალხის მსახურება და არა – საკუთარი თავის“, – აღნიშნა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები