ბიზნესმენი: ოქრუაშვილის დავალებით, ჯიპები იძულებით გადაგვაფორმებინეს და ბიუჯეტშიც 50 000 ლარი შეგვატანინეს (ვიდეო)

გორელი ბიზნესმენი ზაურ საგანელიძე, 2004 წელს შიდა ქართლის გუბერნატორის, ირაკლი ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელის მხრიდან ბიზნეს რეკეტზე და საკუთრების წართმევაზე “კვირასთან” საუბრობს.
მისი თქმით, მან და მისმა პარტნიორმა ოქრუაშვილის დავალებით, ხილის გადამამუშავებელი და კონცენტრატების მწარმოებელი ქარხანა ხელისუფლებას გადასცეს.
„დილით მოვედი და სამსახურში დამხვდნენ შეიარაღებული, ნიღბიანი პირები. მთელი წარმოება გადმომიყარეს, მთლიანი დოკუმენტაცია წაიღეს. შემდეგ, რამდენიმე დღეში, მე და ჩემს პარტნიორებს ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით, მიხეილ ქარელი დაგვიკავშირდა და ხილის გადამამუშავებელი და კონცენტრატების მწარმოებელი ქარხნის ხელისუფლებისთვის გადაცემა ან 150 000 ლარის კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოგვთხოვა”,-იხსენებს ბიზნესმენი.
ზაურ საგანელიძის თქმით, ხელისუფლებამ ეს არ აკმარა და მომხდარიდან რამდენიმე თვეში, მისი 18 წლის შვილიშვილი საკუთარ ეზოში, ავტომობილის სარკეების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
„ამ კონკრეტული შემთხვევით თავად იმ დროინდელი უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ მისგან იღებდა უშუალო დირექტივებს ის პირი, რომელიც ჩვენს ოჯახს ბავშვის ციხიდან გამოშვებას ჰპირდებოდა. ჩემმა ოჯახმა თბილისში “ტოიოტას ცენტრიდან” 55 000 აშშ დოლარის ღირებულების ორი ავტომობილი გადაუფორმა ხელისუფლებას და ბიუჯეტში 50 000 ლარი შეიტანა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს ჩემი შვილიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან”, – აცხადებს ზაურ საგანელიძე. ​
ცნობისათვის, 2012 წელს ბიზნესმენმა ზაურ საგანელიძემ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა, გამოძიების დასრულების შემდგომ კი საგანელიძეების ოჯახს ორივე ავტომობილი დაუბრუნდათ, რომლებიც 2004 წელს უკანონოდ დაკავებული შვილიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები