ვალერი გელაშვილი: ხალხს ახსოვს 9-წლიანი რეჟიმი, ეს ბოროტება, არ უნდა განმეორდეს (ვიდეო)

ბიზნესმენი და სამი მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელაშვილი “კვირასთან” “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან მმართველობის პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ამ გუნდის დაბრუნება საზოგადოებისთვის კატასტროფა იქნება.
​როგორც მან განაცხადა, იმ პერიოდში არ არსებობდა ბიზნესმენი, გარდა თავიანთი ახლობლებისა, ვისზეც არ განხორციელებულა რეკეტი.
„ახლაც კი მიჭირს ამის გახსენება… ნიღბიანები თავს დამესხნენ, სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს, ჩატეხილი მქონდა თავის ქალა, სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მქონდა მიღებული, სასწრაფოდ გადამიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია გააგრძელეს, ხელოვნურად შეუშვეს ორგანიზმში სითხე, რომელმაც ჟანგბადის უკმარისობა გამოიწვია, რომ არა ჩემი მეუღლისა და მეგობრების სწრაფი რეაგირება, მე დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
“​ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, მუდმივად ხორციელდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. მათი დაბრუნება იქნება კატასტროფა! – არ არსებობს ადამიანი, ვისაც სააკაშვილის მმართველობა არ შეეხო, არ არსებობს ბიზნესმენი, გარდა მათი ახლობლებისა, ვისზეც არ იყო რეკეტი და ეს ახსოვს ხალხს. ისინი ვერ დაბრუნდებიან, აღარავინ დაუშვებს ასეთ ბოროტებას”, -აცხადებს “კვირასთან” საუბარში ბიზნესმენი.
შეგახსნებთ, რომ 2014 წელს პროკურატურამ ვალერი გელაშვილის თავდასხმის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა და თავდასხმის დეტალები გაასაჯაროვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები