დიმიტრი ცქიტიშვილი: სექსუალური შევიწროვების საკითხი საკმაოდ პრობლემატურია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაფარულია

საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოების და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სახელით, პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიესალმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ძირითადი მიმართულებები გაუზიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროვების, როგორც ერთ-ერთ პრობლემატური საკითხის პრევენციის და საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა გააცნო.

„სექსუალური შევიწროვების საკითხი საკმაოდ პრობლემატურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგი გლობალური პრობლემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არახილული და დაფარულია. ამ გამოწვევის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ჩარჩო და გარკვეული პრაქტიკის დანერგვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლის დაცვის გარანტიებს განაპირობებს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის წევრმა გენდერული საბჭოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით მომზადდა და მისი ავტორები ინტერესით გაეცნობიან სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს და სექსუალურ შევიწროვების პრევენციის საერთაშორისო პრაქტიკას.

„ცვლილებების დაინიცირების შემთხვევაში ვიქნებით უფრო მზად იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეფექტური და რეალურად განხორციელებადი გავხადოთ”, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოების და რეგულირების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები