მარიამ სხილაძე: რამდენი ხანია ძველი პირადობის მოწმობა აღარ დაბეჭდილა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის იმ განმარტებას, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, თითქოს წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ბიომეტრიული პირადობების მოწმობები იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები კი რეგიონებშია შემორჩენილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ სხილაძე ეხმაურება.
შესაბამის პოსტს სხილაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული ID ბარათები იბეჭდება – გიგაური, ასეთი რამე რატომ უნდა დამართო თავს? გაირკვა, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობებს ვერ გააყალბებ და არც საბეჭდი ცენტრია ყველა მოსახვევში. ამიტომ სასწრაფოდ გამოჩნდა ახალი ვერსია – შეიძლებაო, შეიძლებაო, ძველი პირადობები დაბეჭდესო, ახალი არ გვითქვამსო. აქაც მტკიცე პასუხი გვაქვს – რამდენი ხანია ძველი პირადობის მოწმობა აღარ დაბეჭდილა”, – წერს სხილაძე.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები