რომან გოცირიძე პრემიერის ინიციატივაზე: მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს „ქართუ“

მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს „ქართუ“, მეორეც, გაუგებარია რას აკეთებს „ქართუ“, რადგან საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც არის 2 000 ლარამდე – ასე ეხმაურება “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პრემიერ მამუკა ბახტაძის დღევანდელ ინიციატივას, რომელიც საქართველოს 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულებას ეხება.
მისივე თქმით, ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები ყოველწლიურად აკეთებენ. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს 55 მილიონი.
“ახლა როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში „ქართუ“ შეეშველება. მილიარდ ნახევარი არის ზღაპარი. არავითარ მილიარდ ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მთავრობის მიერ ეს ინიციატივა? თუმცა აქ მთავრობა რა შუაშია. ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუგებარია ვინ და რას აკეთებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, დავალიანებას ფონდი “ქართუ” დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები