კობა კობალაძე: ფორმიანი ხალხის პოლიტიკურ ავანტიურებში ჩართვის მცდელობა ყველაზე ამაზრზენია
ფორმიანი ხალხის პოლიტიკურ ავანტიურებში ჩართვის მცდელობა ყველაზე ამაზრზენია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობალაძე ბოლო დღეებში ყოფილი სამხედროების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საკითხს გამოეხმაურა.
„მცდელობა იმის, რომ ყველაზე ღირსეული შემადგნელი, ფორმიანი შემადგენელი გახადონ პოლიტიკური დაპირისპირებების პოლუსი, ეს არ შიძლება იყოს დაშვებული. იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს მუნდირი, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს სამშობლოს წინაშე, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გემოვნების თუ ხედვის საკითხია. ისინი არიან ვალდებულები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ის უსუსური მცდელობაც კი ისევ ეფექტზეა გათვლილი , რომ ფორმაში, ფონის შექმნითსაზოგადოებამ დაინახოს, ესეც ერთჯერადი მანიპულაციაა. ჩევნ დავინახეთ, რომ ესეც წამგებიანია მათთვის .
„ამაზრზენია, როდესაც თუნდაც ერთერთი კანდიდატის, მანდილოსნის მიმართულებით გამოხატულია ასეთი ფორმის აგრესია, როდესაც დუმან დანარჩენები ვისაც ევალება, რომ ამაზე ხმა ამოიღონ. როცა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მის ოჯახის წევრებს. ეს ხომ ჩვეული, იმ ისტერიის რიტორიკაა, რომელიც ჩვენთვის უცხო არ იყო იმ პერიოდში, რომელიც გამოგვატარეს. დღეს არის მცდელობა , რომ ეს ყველაფერი შემოაბრუნონ“- განაცხადა კობალაძემ.
ნობისთვის, ბოლო დღეებში ყოფილმა სამხედროებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ყოფილი ძალოვანები და სამხედროები, რომლებიც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში გაერთიანდნენ, ამბობენ, რომ ქვეყნის სირცხვილი იქნება თუ ჯარს იმ მთავარსარდლის ბრძანების შესრულება მოუწევს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.
კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
თამუნა შეყილაძე