აკაკი ზოიძე: ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად

“ამ ხალხმა სახლები დაკარგა „ნაციონალების“ პოლიტიკის შედეგად, როდესაც საყოველთაო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, სესხებს იღებდნენ. წინასწარ გაარკვიეს, რომ ხვალ ასეთი რაღაცაა დაანონსებული და კვირას, ავრალურ რეჟიმში, იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს, რაღაც მოთხოვნებით მთავრობის მიმართ, რომ მერე თქვან, ამას ჩვენ ვითხოვდითო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აკაკი ზოიძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. ზოიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების „დაზვერვამ“ ინიციატივის შესახებ ძალიან გვიან გაიგო .
„პრემიერი მთავრობის სხდომაზე ხვალ დააანონსებს და აღწერს, ახლა კი რაღაც ორგროშიანი სპექტაკლი მოაწყვეს, შეთითხნილი, იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის დასაძლევად. პრობლემა არის უმძიმესი, მათგან მემკვიდრეობით მიღებული, რომლის მოგვარებასაც სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლების ნაწილი უკვე გადაიდგა. საუბარია ჯარიმის განახევრებაზე, ანუ ზღვრის ჭერის დაწესებაზე, საბანკო პროცენტზე და საბანკო ჯარიმაზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა.
ის, რომ ჩვენ აღარ გვყავდეს იპოთეკარების ის ძალიან დასანანი კასტა, რომელიც შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, როდესაც 1/3 მათგანმა საყოველთაო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, აღებული სესხების გამო, დაკარგა საცხოვრისი. მეორე ნაწილმა სახლები დაკარგა საპროცესო შეთანხმებების გამო, რომ გადაეხადათ. ჩაყრიდნენ ციხეში, მერე დაადგებოდნენ და გამოატანინებდნენ მათივე ბანკებიდან სესხს, შემდეგ ჩაადებინებდნენ ბინას და ეს ბინა იკარგებოდა. ასეთი რაღაც რომ არ მოხდეს, ამ მიმართულებით დააანონსა დღეს პარტიის ხელმძღვანელობამ, ფინანსთა მინისტრმაც მინისტრობის პერიოდში, მამუკა ბახტაძემ, რომელიც შემდეგ გააგრძელა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.
გადაიდგა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ეროვნულ ბანკში ხდება შესაბამისი რეგულაციების შემოტანა 1-ელი იანვრიდან. უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იქნება ხვალ, ასევე, გაჟღერებული. ეს ყველაფერი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც მოვიდა ახალი მთავრობა, ჯერ კიდევ ახალი მთავრობის ფინანსთა მინისტრი როცა მოვიდა, მამუკა ბახტაძე, მაშინ დააანონსა ჭარბვალიანობის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიღარიბის მიზეზის დაძლევის პროგრამა. ამ პროგრამის მიზანმიმართულ განხორციელებას მთავრობა შეუდგა უკვე 7 თუ 8 თვის წინ. შესაბამისად, ეს არის ის მიზანმიმართული ქმედებები, რომელიც საარჩევნო ქმედებებზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ამას სჭირდება უზარმაზარი მუშაობა. ამას სჭირდება ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს და ეს შედეგები, რაც იქნება, ხვალ ამას გავაჟღერებთ.
ფაქტი ერთია – წინასწარ გაარკვიეს, რომ ხვალ ასეთი რაღაცაა დაანონსებული და კვირას, ავრალურ რეჟიმში, დადგეს იაფფასიანი სპექტაკლი, რაღაც მოთხოვნებით მთავრობის მიმართ, რომ მერე თქვან, ჩვენ ეს მოვითხოვეთ და რაღაცა მოხდაო. ჩვენი საზოგადოება ასეთი იაფფასიანი სპექტაკლების დამჯერებელი და აღმქმელი არა მგონია, რომ იყოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები