საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის თქმით, კანონის ნორმა იძლევა იმის განმარტებას, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 14 დღეში.
ოპოზიცია ცესკოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.
“სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ეყო ძალმოსილება, რომ პასუხისმგებლობა აეღო და განემარტა საარჩევნო კოდექსის მუხლები იმდაგვარად, რომ უზრუნველყო ამომრჩევლისთვის საყოველთაო პრინციპის რეალიზება და ყველა ამომრჩეველს, როგორც მცხოვრებს საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მისცემოდა ნება, თავისუფალი ნება გამოევლინა თავისუფალ საარჩევნო გარემოში,”- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
მისივე თქმით, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, გაასაჩივრებს თუ არა ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ცესკოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება და ეს დღე უქმე დღედ ცხადდება. რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა მის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება, მათთვის კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გახანგრძლივდება.