პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა-აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; მას შემდეგ ამერიკელი ხალხი განუხრელად გვიდგას გვერდში იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამერიკის სავაჭრო პალატის როლს ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით გარდამტეხი იქნება.

„ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები ერაყსა და ავღანეთში ებრძვიან კაცობრიობის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევას – საერთაშორისო ტერორიზმს. რასაკვირველია, ადამიანთა შორის ურთიერთობები უმთავრესია, ხოლო ბიზნესებს შორის ურთიერთობების კომპონენტი, როგორც ადამიანთა კონტაქტების შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს. რა თქმა უნდა, ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველთვის იყო ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მეგობრებო, თქვენ უკვე 20 წელი შეგისრულდათ. გილოცავთ! ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეგობრობის ახალ თავს ვიწყებთ. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ ახალ თავს ჩვენ დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, 2019 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძეს აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგლიმ უმასპინძლა. საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.i

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები