მარიკა დარჩია არაფორმალური განათლების კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

0

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია-“არაფორმალური განათლების გამოწვევები” გაიმართა, რომელშიც ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ​
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია წარდგა. მან, სიტყვით გამოსვლისას, არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“დიდი პატივია დღეს ამ შინაარსის მქონე კონფერენციაზე ყოფნა. ვფიქრობ, რომ სწორედ აქ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, არაფორმალური განათლების გზით, უდიდესი გამოცდილების მიღება შეიძლება”,-აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
დარჩიამ არაფორმალური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ეროვნული სასახლის წარმომადგენლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ეს ყოველთვის იყო ადგილი, რომელიც ქმნიდა კარგ მოქალაქეს, ადამიანს, რომელმაც იცოდა ფასი იმისა, რაც ფასეულია. მადლობას მოგახსენებთ თქვენი როლისთვის ამ სიკეთეში. თქვენ ადამიანებს ასწავლით უნივერსალურ ენაზე საუბარს, იმ ენაზე, სადაც თარგმანი საჭირო არ არის“,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველო არ არის ფინანსურად მდიდარი ქვეყანა, თუმცა არაფორმალური განათლების განვითარების კუთხით მუშაობას არ წყვეტს და ბიუჯეტში ამ მხრივ, საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებულია.
მარიკა დარჩიამ არაფორმალური განათლების კონფერენციაზე დამსწრეებს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი