ყოფილი სარდალი შავლეგო ტაბატაძე “ნაცმოძრაობას” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

0

იმერეთის გუბერნატორი და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის ყოფილი სარდალი შავლეგო ტაბატაძე “ნაციონალურ მოძრაობას” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, ჰააგის სასამართლოს წინაშე არა ქართველი სამხედროები, არამედ ის ადამიანები და ოკუპანტები წარდგებიან, რომლებმაც ქვეყანაში ეთნიკური წმენდა განახორციელეს.
საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
ოპოზიციის წარმომადგენლები თეა წულუკიანის განცხადებას ღალატად აფასებენ.
იმერეთის გუბერნატორმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი იყო და ომშიც მონაწილეობდა, თვითმმართველობის შენობის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
“ეს არის მტკნარი სიცრუე და ჩემთვის, როგორც ამ ომის მონაწილისთვის შეურაცხმყოფელია. სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. შეიარაღებული ძალები არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი,” – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი