თადარიგის გენერალ-მაიორი: ვაშაძეს მოვუწოდებ, ცეცხლს ნუ ეთამაშება, სამხედროებით მანიპულირება არ შეიძლება

0

გრიგოლ ვაშაძეს მოვუწოდებ, ცეცხლს ნუ ეთამაშება, არ შეიძლება სამხედროებით მანიპულირება, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს არაფრით შეიძლება, – ამის შესახებ თადარიგის გენერალ-მაიორმა, „საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თეიმურაზ ლორია ბოლო დღეებში ყოფილი სამხედროების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს გამოეხმაურა.
თადარიგის გენერალ-მაიორის თქმით, არსებობს დაუწერელი კანონი – როგორც კი სამხედროები ერთვებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის სამოქალაქო ომის წინაპირობა.
„იყენებენ სიტყვას – შეიარაღებული ძალები და აჩვენებენ ყოფილ სამხედროებს. მათ შორის დიდი განსხვავებაა. პოლიტიკური კუთვნილება მაქვს მხედველობაში. სამხედრო, როდესაც ის ნამდვილ სამხედრო სამსახურს გადის და არ იმყოფება თადარიგში, მას უფლება არ გააჩნია, რომ კანონის შესაბამისად, მიიღოს პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მონაწილეობა და პარტიის წევრი იყოს. ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, თავისთავად ცხადია, გააჩნია, მაგრამ არსებობს მეორე, მორალური მხარე. ჩემთვის მტკივნეულია და მართლაც მორალური მხარეა, რომ ისინი სამხედრო ფორმაში აკეთებენ ამას. ნურავინ იფიქრებს იმას, რომ მე არ მაქვს უფლება, სამხედრო ფორმა მეცვას. ჩემი დათხოვნის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, იქ გარკვევით წერია, სამხედრო ფორმის ტარების უფლებით. ყველგან და ყოველთვის შემიძლია ჩავიცვა, მაგრამ არსებობს სენსიტიური მხარე ამ განცხადებისა, როცა შენ სამხედრო ფორმაში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ. ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის, სამხედროებისთვის.
გუშინ მოვუსმინე ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, შეიარაღებული ძალების სახელით ლაპარაკობს, განცხადებებს აკეთებს. მე მასაც მოვუწოდებ, ცეცხლს ნუ ეთამაშება, არ შეიძლება სამხედროებით მანიპულირება, განსაკუთრებით პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფრით შეიძლება. ამის მწარე მაგალითები გვქონდა. არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი: როგორც კი სამხედროები ერთვებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს არის სამოქალაქო ომის წინაპირობა. იმიტომ, რომ სამხედრო, ის ყოფილია, თუ მოქმედი, შეიარაღებულ ადამიანთან ასოცირდება რიგითი ადამიანისთვის, რომელიც ვერ ერკვევა რა არის ყოფილი სამხედრო და ა.შ ფორმას როცა ხედავს, ის ასოცირდება როგორც შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთან“, – განაცხადა თეიმურაზ ლორიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ფარს, ისე იყენებს სამხედროფორმიან ახალგაზრდებს იმისთვის, რომ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ.
„ვფიქრობ, ეს არ გამოვა. გვახსოვს, როცა პირველი ტური ჩატარდა, მანამდე გაცხადდა შედეგები, ავღანეთში წინასწარ ჩატარდა არჩევნები, სააკაშვილიდან დაწყებული ყველა აცხადებდა – ჯარი ჩვენთან არის , ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ ოფიციალურ მონაცემს როცა ვნახავთ, იქ განსხვავებული სურათი გვხვდება.
საზოგადოება თავის გამოცდილებაზე უნდა სწავლობდეს. 90-იან წლებში პოლიტიკურმა ძალებმა მიაღწიეს იმას, რომ შეიარაღებული ძალები გახლიჩეს, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი. დღესაც იმკის საზოგადოება იმ შედეგს, რაც 90-იან წლებში გავიარეთ“, – განაცხადა თადარიგის გენერალ-მაიორმა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ყოფილმა სამხედროებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ყოფილი ძალოვანები და სამხედროები, რომლებიც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში გაერთიანდნენ, ამბობენ, რომ ქვეყნის სირცხვილი იქნება თუ ჯარს იმ მთავარსარდლის ბრძანების შესრულება მოუწევს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.
კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი