“ბინძური საცვლების“ ამორეცხვა და შენს სასარგებლოდ წაკითხვა”-ვაშაძის პიარტექნოლოგი საკუთარი მეთოდების შესახებ საუბრობს(ვიდეო)
რას ფიქრობს გრიგოლ ვაშაძის პიარ და პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი აშშ-ს საარჩევნო სისტემაზე, რა წარმოდგენები აქვს მას ამომრჩეველზე ნეგატიური თუ პოზიტიური ეფექტის მოხდენის საკითხზე და რა ინსტრუმენტებს იყენებს ის თავად, – ამის შესახებ ვაშაძის კონსულტანტმა ბელარუსის ერთ-ერთი ცენტრალური არხის გადაცემაში ისაუბრა.
ინტერვიუში მან იმის შესახებაც ილაპარაკა, რა არის ნეგატიური რეკლამა, აზრით მანიპულირება და როგორ მუშაობს ტყუილზე აგებული რიტორიკა.
ვიტალი შკლიაროვმა ამერიკის საარჩევნო შტაბებში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და შეაფასა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოს გააჩნია. ინტერვიუ 2016 წელს არის ჩაწერილი.მისი თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემას სუპერ დემოკრატიულს ვერ ვუწოდებთ, ის საკმაოდ უცნაურად არის მოწყობილი. ამავე დროს, გადაცემის
წამყვანი დაინტერესდა, როგორ ხდება დასავლეთში ამომრჩევლების აზრით მანიპულირება, რაზეც ვიტალი შკლიაროვს ასეთი პასუხი ჰქონდა – „თუ კი ვისაუბრებთ მანიპულაციაზე, ის, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მხოლოდ რიტორიკის დონეზე. ანუ ეს ნეგატიური რეკლამაა, სპეციალურად ისე გამახვილებული რიტორიკაა, ისეთი კუთხიდან, რომ ადამიანი სპეციალურად დამუხტო ნეგატიურად ან პოზიტიურად, კონკრეტული მიზნით. ხშირად ეს არის პირადი ისტორიები, რომ ვიღაცამ ვიღაცას ოდესღაც… უღალატა ან ვიღაცასთან იწვა ან ახალგაზრდობაში „ბალახი“ მოწია. ანუ პოლიტტექნოლოგიის ტერმინებში ეს უფრო „opposition research”, ეს უფრო პროკანდიდატის „რესერჩია“ და „ბინძური საცვლების“ ამორეცხვა ან მისი პროგრამის პუნქტების შენს სასარგებლოდ წაკითხვაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს თავისებური ტყუილიცაა და შეიძლება ითქვას – რიტორიკაც. ( ვიდეო)
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თავად თუ იყენებს ასეთ ინსტრუმენტებს, ამჟამად გრიგოლ ვაშაძის პიარ კონსულტანტმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, იყენებს.
„რა თქმა უნდა. პოლიტტექნოლოგის როლი რაშია? იმაში, რომ იპოვო შენი კანდიდატის ძლიერი მხარე, ეს როგორც ფსიქოლოგის ან მარკეტოლოგის შემთხვევაშია. ამიტომ მე ძალიან ხშირად საარჩევნო კამპანიას „სტარტაპს“ ვადარებ. შენ პოულობ ნიშას ბაზარზე, იგონებ პროდუქტს, რომელიც ამ ბაზარზე მოხვდებოდა და არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და ყიდი მას იმგვარად, რომ ის ადამიანების მაქსიმალურმა რაოდენობამ იყიდოს. პოლიტიკაშიც ზუსტად ასეა.“
აღსანიშნავია, რომ წამყვანი დაინტერესდა, ამერიკულ საარჩევნო პროცესში როგორ შეიძლება გავავლოთ ზღვარი მოსყიდვას და შემოწირულობებს შორის, რაზეც ვიტალი შკლიაროვმა კვლავ მოიშველია ის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა: „არსებობს განსაზღვრული ლიმიტი, რომლის ზემოთ შემოწირულობის გაკეთება ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში ფიზიკურ პირს არ შეუძლია. ეს 2700 დოლარია. მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელმაც ეს სისტემა ძალიან კარგად ვიცი შიგნიდან, ვიტყვი, რომ არსებობს ხვრელები ამ სისტემაში და შეიძლება სხვა ფორმატით უზარმაზარი თანხების შეწირვა. ანუ ის არ არის ასევე იდეალური. თუკი ფილოსოფიური კუთხიდან ვისაუბრებთ, შეგვიძლია სიტყვებს – „ფული“, „პოლიტიკა“ და „საარჩევნო კამპანია“-ს შორის დავსვათ ტოლობის ნიშანი, ასევე შეიძლება მოსყიდვაც დავამატოთ, რადგან ფაქტობრივად, ვიღაცა თავისი ინტერესების ლობირების დროს, მოსყიდვას ახორციელებს ან ეხმარება ამ კანდიდატს არჩევნების მოგებაში.“
(ვიდეო)