ეროვნული სასახლე არაფორმალური განათლების საერთაშორისო კონფერენციას და კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდულ აკადემიას უმასპინძლებს

17 ნოემბერს მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც „კვირას“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ აცნობა, კონფერენციის მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით. კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, მუდმივი კონტაქტი ცენტრალურ ხელისუფლებასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
კონფერენციის მომხსენებლებს შორის არიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები: ბრიტანული ორგანიზაციის „Into Film” აღმასრულებელი დირექტორი – ბატონი პოლ რივი, შვედი დიპლომატი – ელჩი კარლ-ერიკ ნორმანი და ევროპის პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე – ქალბატონი დორის პაკი, კულტურის დიპლომატიის აკადემიის წარმომადგენლები.
ასევე, გასულ წელს დაარსებული კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის ფარგლებში სასახლეში გაიმართება ლექციები, ვორკშოპები, პრეზენტაციები.

თიკა რუხაძე: „წელს მეორედ ვატარებთ არაფორმალური განათლების საერთაშორისო კონფერენციას. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, არაფრომალურ განათლებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
მრავალი ევროპული ქვეყნის განათლების სისტემამ აღიარა არაფორმალური განათლება, როგორც განათლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
კონფერენციაზე დასაწრებად ჩამოდიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან ექსპერტები – ევროკავშირის პროგრამებიდან დორის პაკი, რომელიც იყო ევროკავშირის კულტურისა და განათლების მიმართულების პროგრამების ერთ-ერთ მთავარი ექსპეტი, ბრიტანული ორგანიზაციის „Into Film“ აღმასრულებელი დირექტორი პოლ რივი. კულტურისა და განათლების ფონდი, რომლის წარმომადგენელიც იქნება ჩართული ამ პანელში, ბატონი ლევან ხეთაგური, ასევე იქნება ელჩი, შვედი დიპლომატი კარლ ნორმანი. ყველა ეს ადამიანი ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტია. კონფერენციაზე ისინი წარმოადგენენ უახლოეს გამოწვევებს არაფორმალურ განათლებაში.
გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოდან – მარიკა დარჩია და თამარ ტალიაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.
ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მეთოდური და ინოვაციური ცენტრის ბაზაზე ვაკეთებთ. ამავე დროს, კონფერენციის დამფუძნებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ვართ.
წელს უკვე მეორედ ვატარებთ და მნიშვნელოვანია, რომ ახალი მეთოდური მიდგომებით ვიყოთ წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო პედაგოგები გვყავდეს, რომლებიც, განათლების ეროვნულ ჩარჩოსთან შედარებით, შემოქმედებითად, სულ სხვა მეთოდიკით გაუღვივებენ ბავშვებს ინტერესს სხვადასხვა დარგის მიმართ. ეს მათ, ბუნებრივია, შემოქმედებით უნარებს განუვითარებს, თვალსაწიერს გაუზრდის და პროფესიული არჩევანის მეტ საშუალება მისცემს.
კონფერენციაზე ახალ მეთოდიკაზე და მიდგომებზე, თუნდაც ფინურ განათლებაზე იქნება საუბარი, რომელიც არაფორმალურ განათლებას ეფუძნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

16 ნოემბერს იწყება კულტურის დიპლომატიის აკადემიის შედეგების წარდგენა, სადაც ბავშვებიც არიან ჩართულები, 17 ნოემბერს ეროვნული სასახლე ერთდღიან კონფერენციას უმასპინძლებს; შემდეგ კი მეექვსედ გაიმართება საქართველოს არაფორმალური განათლებისა და სკოლისგარეშე ობიექტების ფორუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები