ზაზა სარალიძე: პირდაპირ მუქარას ვერც ვერავინ გამიბედავს, არის შეურაცხმყოფელი სიტყვები „გადაშენდი აქედან“

ზაზა სარალიძემ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა, სადაც იგი მის მიმართ მუქარის შემცველი პოსტების გამო გამოიკითხა.
როგორც სარალიძემ გამოკითხვის შემდეგ განმარტა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა საფრთხე ემუქრება მას და ასევე შვილმკვდარი მამებიდან რა საშიშროება მოდის.
„ფეისბუქ“ პოსტებს ყველას რეალური ავტორი ჰყავს. ამ 11 თვის განმავლობაშიც ასეთი სახის ძალიან ბევრი პოსტი დადებულა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. იქიდან გამომდინარე, რომ ათასში ერთი იყო. ახლა უკვე მასიური სახე მიიღო არა მარტო „ფეისბუქ“ პოსტებიდან, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციასა და ჩვენ მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. უკვე საჭიროდ ჩავთვალე ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დესტაბილიზაციაზე რატომ საუბრობენ. მაგალითად, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ სიფრთხილისკენ რატომ მოგვიწოდა და ეს პიროვნება საფრთხეში რას გულისხმობდა. აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს და საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს შვილმოკლული მშობლებიდან რა საშიშროებაა.
პირდაპირ მუქარას მე ვერც ვერავინ გამიბედავს. არის შეურაცხმყოფელი სიტყვები „გადაშენდი აქედან“. ერთ-ერთ „სქრინში“, რაც შენახულიც მაქვს, ერთ-ერთი პოსტს წერს – „სარალიძე ვიდრე შვილივით არ აიჩეხება, ერთ ადგილს არ დააყენებს”.
ერთი ბათუმელი ქალი ყოფილი ბიზნესმენის ბონდო შალიკიანის ოჯახის ტრაგედიაში პირდაპირ მადანაშაულებს. რაში მადანაშაულებს, გასარკვევია და ყველაფერს კანონიერი სახე მიეცემა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის გამოკითხვას მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურას გამოძიების ჩატარებას თხოვს.
გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები