ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა და ის რეკომენდაციები ჩამოაყალიბა, რომელიც დადგენილი წესით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
„ჩვენ პასუხად მივიღეთ საკმაოდ კარგად გაანალიზებული და გააზრებული პროექტი ჩვენს რეკომენდაციებზე. ამიტომ, მე შემიძლია ვთქვა, განსაკუთრებით ჩვენს ნაწილში, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი არის სტრატეგიული საკითხი – დეცენტრალიზაციის რეფორმა და პრაქტიკულად ეს არის ღერძი, რომლის ირგვლივ უნდა განვალაგოთ ყველა ის თემატიკა, რომელიც რეგიონულ თუ მუნიციპალურ ჭრილში შეიძლება დავინახოთ და ამავდროულად, დავინახოთ საჭიროებები და ამოცანები, რომელიც უნდა გავატაროთ, სწორედ ამიტომ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს გახლათ საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე. 107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაფინანსდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტი“,- აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მათ ყოფასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები