კალაძე საახალწლო სამზადისზე: დეკემბერში გადავწყვეტთ, მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გავაკეთოთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რა და როგორ გაკეთდება, დეკემბერში, მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად იქნება მიღებული.
დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან არის დაგეგმილი.
კითხვაზე, თუ 15 დეკემბრამდე ზაზა სარალიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებს, რას აპირებს თბილისის მერია, კალაძე პასუხობს: “დაველოდოთ კიდევ ერთი თვე, დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გავაკეთოთ”.
“საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბერში, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის. როდესაც წერილი შემოიტანა ზაზა სარალიძემ ჩვენ ვიყავით ვალდებულნი 3 დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთება არის ტრადიცია და ეს კახა კალაძის და თბილისის მერიის მოგონილი არ არის. შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება დაახლოებით, 7-10 დეკემბრიდან. ამ ფონზე “რუსთავი 2″ გუშინწინ აწვდიდა ცრუ ინფორმაციას მთელი საღამოს განმავლობაში საზოგადოებას, კონკრეტულად ამაში ჩართული იყო პარტიული ტელევიზიის დირექტორი გვარამია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია, რომ იქ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე, რომელშიც გამოვიჭირეთ ტელეკომპანია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები