მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რაოდენობა გაიზარდა
საქსტატი საქართველოს სოფლის მეურნეობის 2014 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 414 000 სული შეადგინა, რაც წინა წლის I კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,8% – ით აღემატება.
აქედან, ფურის სულადობამ 647 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და 996 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 192 ათასი სული იყო, რაც 37,6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2014 წლის I კვარტალის ბოლოსთვის ფრინველის რაოდენობამ 7 444 000 ფრთა შეადგინა, რაც 12,7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს.
წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რძის წარმოება 4,9%-ით გაიზარდა და 107.2 მლნ ლიტრი შეადგინა. ხორცის წარმოება 7.0 ათასი ტონა იყო, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5,4%-ით ნაკლებია. 2014 წლის I კვარტალში კვერცხის წარმოებამ 120.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე კვარტალის მაჩვენებელზე 1,4%-ით ნაკლებია.