„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენა დიდი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა იყო“
“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენა დიდი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა იყო. ქართველი ავტორების ნაწარმოებების თარგმნა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რაც კიდევ უფრო მეტ ცნობადობასა და მეტ აღიარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროფესორი ჯონი აფაქიძე და აქვე ფოტოებს აქვეყნებს.
„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულების შემდეგ, მთელი გერმანიის მასშტაბით, სადაც არ უნდა შეხვიდეთ წიგნის მაღაზიაში, პრაქტიკულად ყველგან წარმოდგენილია გერმანულად თარგმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურა, სხვადასხვა სურათებიანი წიგნები და ასევე, საინტერესო ინფორმაციები საქართველოს შესახებ.
გუშინ, ინსტიტუტში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, შევედი ბერლინში, წიგნების ერთ-ერთ დიდ მაღაზიაში, შგელიტცის ცენტრთან ახლოს. მისი სახელია: Hugendubel, die Welt der Bücher.
მაღაზიაში შესვლისთანავე, ჩემი ყურადღება მიიქცია გასაყიდად გამოფენილმა ქართველი ავტორების გერმანულ ენაზე თარგმნილმა წიგნებმა. ცრემლები მომადგა თვალებზე… ადრე მთელ გერმანიაში სანთლით რომ გეძებნა, ვერ იპოვიდი ქართველი ავტორების ნაწარმოებებს. ახლა კი სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან მეტ-ნაკლებად კარგადაა წარმოდგენილი ჩვენი თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში გერმანიის წიგნების მაღაზიებში ქართველი კლასიკოსი მწერლების თარგმნილი ნაწარმოებებიც გამოჩნდება, რაც ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას დიდად წაადგება. ასევე, უფრო კარგად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოცემული ქართველი მეცნიერების ნაშრომებიც და სხვ.
ზოგადად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენა დიდი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალში მას კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჩემი აზრით, ქართველი ავტორების ნაწარმოებების თარგმნა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რაც კიდევ უფრო მეტ ცნობადობასა და მეტ აღიარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – წერს ჯონი აფაქიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.