მათიკაშვილი რატიანს: პრეზიდენტის სავარძელი თუ დაიკავა, მერე ნახეთ თქვენ, პუტინისა და კრემლის სიხარული

თქვენ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით, იმეებით, ამეებით მოედინება საქართველოში, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს.
დეპუტატებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იკამათეს.
“ბატონო სერგო, ერთ სცენას გაგახსენებთ ცნობილი ინტერვიუდან, როდესაც კორესპონდენტი ეკითხება, ქართულად ასე ჟღერს – თქვენ გარუსებული ხალხი ხართ? ეკითხება გრეგორ ვაშაძეს და პასუხად იღებს – დიახ, ჩვენ ვართ რუსული კულტურის ხალხი. ვაშაძე ამბობს რომ კი, ჩვენ გარუსებულებიც ვართ და ამასთან ერთად, რუსული კულტურის შემადგენელი ნაწილიც. თქვენ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის რბილი ძალა, რომლისაც გეშინოდათ, ასე ცეკვა-ცეკვით, ბალეტმეისტერობით, იმეებით, ამეებით მოედინება საქართველოში, მობრძანდება და პრეზიდენტის სავარძელი თუ დაიკავა, მერე ნახეთ თქვენ, პუტინისა და კრემლის სიხარული და აღფრთოვანება ამ ამბით.აი, ერთი წამით ეჭვი შეგაქვთ თქვენს პროდასავლურობაში, პრინციპულობაში, რომ ასეთი პრინციპულები იყავით და სხვადასხვა პლატფორმაზე იდექით? კინაღამ დაიჯერა კიდეც ხალხმა. მე პირადად, მეთქი რამე ცილი ხომ არ დავწამე ამ ხალხს, აღსარებაში მოვიხსენიე რამდენჯერმე, ცოდვა მაქვს-მეთქი ჩადენილი და თურმე, კაცო, რა ცოდვა? ეს ხალხი აგერ მშვენივრად, როგორც განქორწინდნენ, მერე ისევე დაქორწინდნენ ერთად და მთავარი რა არის იცით? „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი არ არიან ესენი, არამედ – საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ, როცა კრემლიდან მოჰყავთ ასეთი ადამიანები და მხარს უჭერენ მათ. ეს მინდა საზოგადოებამ გაიგოს. დიახ, ზუსტად ასეა, ბატონო სერგო“, – მიმართა მათიკაშვილმა რატიანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები