კახა კალაძე: ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოჰაბიტაცია, რაც 2012 წლის შემდეგ იყო

“ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოჰაბიტაცია, რაც 2012 წლის შემდეგ იყო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების” „ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოჰაბიტაცია, რაც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთის მხრივ, დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება, ეს სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი ე.წ. კოჰაბიტაცია, ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო.
მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.

კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.

„ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათა შორის, საქართველოში ისევ და ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პროპაგანდისტული მანქანით შეძლო და მოახერხა, რომ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ცხრა წელზე, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ წარსულზე“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს. „ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც კალაძის თქმით, „ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები