თეა გადაბაძე: ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავამარცხოთ ,,ნაციონალური მოძრაობა“

საზოგადოება ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრ თეა გადაბაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს, მოსახლეობა არჩევნებზე უნდა მივიდეს.
მისივე თქმით, ამომრჩეველმა გონივრული არჩევანი უნდა გააკეთოს, რათა ,,9-წლიანმა რეჟიმმა“ ხელში არ ჩაიგდოს ქვეყნის მართვის სადავეები.
,,ჩვენ ვერთიანდებით, ვიბრძვით იმისთვის, რომ არ იყოს ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ერთხელ და სამუდამოდ, ნორმალურ, მშვიდ გარემოში გვეღირსოს ცხოვრება. ალბათ თვითონაც დამშვიდდებიან მერე. იმიტომ, რომ მაგათ არავინ კლავს, არავინ იჭერს, არავინ ართმევს ბიზნესს. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავამარცხოთ, რათა სამუდამოდ დამშვიდდნენ, გაჩერდნენ. ჩემი ფსიქიკა ვეღარ უძლებს ,,ნაციონალურ მოძრაობას“, მე როგორც ვხედავ, ჩემ ირგვლივ მყოფებისაც და ალბათ, მთლიანად საზოგადოების. დაგვანებონ თავი, წარმოუდგენელია ასეთ რეჟიმში ცხოვრება“, – აცხადებს თეა გადაბაძე.
საზოგადოება ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს, სიმბოლურ დღეს, რუსთაველის თეატრში შეკრება იგეგმება. მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
,,საქართველოს ყველა მოქალაქეს!
დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.
ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება.
სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერის – საბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედ – საარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღით – ამომრჩევლის ხმით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები