“დიახ, წინააღმდეგობაში მოვედი ჩემს განცხადებებთან, მაგრამ შევიცვალე” – რას აღიარებს ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ, ჯაშუშობაში დასდო ბრალი, ამჟამად, საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სწორედ იმ კანდიდატს უჭერს, რომელიც იმ ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მას ურჩევნია, პრეზიდენტის სკამზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, გრიგოლ ვაშაძე იხილოს.ბერძენიშვილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს იწუნებს, თუმცა, როგორც ყოფილი დეპუტატი, იმ პასუხისმგებლობასაც გაურბის, რაც ქვეყანაში მმართველმა გუნდმა შექმნა.
“ვაღიარებ, რომ ჩემს განცხადებებში არის წინააღმდეგობები, ვამბობ, რომ შარშანწინ ისე იყო და ახლა ასეა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატის იმუნიტეტი წინა მოწვევის პარლამენტში კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოიპოვა. ამჟამად იგი ძმასთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
“გაერთიანებულ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს “რესპუბლიკური პარტია” უჭერს მხარს მთლიანად, მეც და დავით ბერძენიშვილიც. მის გარეშე, როგორ მივიღებდით გადაწყვეტილებას? ეს გადაწყვეტილება “რესპუბლიკურმა პარტიამ” ერთობლივად მივიღეთ”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრინდელი და ამჟამინდელი პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მხარს მაინც გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, რომელმაც დააანონსა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს და საქართველოში დააბრუნებს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იგი პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეიწყალებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც აანონსებს.
“კვირამ” ყოფილ დეპუტატს ის განცხადებები შეახსენა, როდესაც იგი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აკრიტიკებდა.
“რა თქმა უნდა, როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია და ამ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს ვგულისხმობ, რომელიც შს მინისტრი იყო. თუ მან იცოდა და მისი ბრძანებით კეთდებოდა ეს, დამნაშავეა. თუ არ იცოდა და მის ზურგს უკან კეთდებოდა, მაშინ ორგზის დამნაშავეა, მაგრამ რაც მე გითხარით, ამ ყველაფერს დამტკიცება, სასამართლო და გამოძიება სჭირდება. ჩვენ შეიძლება, ბევრი რამ ვთქვათ, მაგრამ ყველა სიტყვას და ბრალდებას დადასტურება სჭირდება. იმედი მაქვს, ეს დადასტურდება კიდეც”, – აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი 2013 წლის 21 ივნისს.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური შეხედულებები ნაწილობრივ შეეცვალა.
“ჩემ მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებზე ცდომილება არის. მართალია, ჩვენ ადრე არ ვუჭერდით მხარს და ახლა ვუჭერთ მხარს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციაში და გრიგოლ ვაშაძე არის ოპოზიციის კანდიდატი. ოპოზიციის კანდიდატი მხარს უჭერს ოპოზიციის კანდიდატს ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ. ვანო მერაბიშვილი მე არ მომწონდა და არც მომწონს. ვანო მერაბიშვილს არ ვუჭერ მხარს, მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის კანდიდატს. ძალიან ღრმა მოსაზრებით, რომ ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი, ჩვენ ავწონ-დავწონეთ და ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ჯობია ვაშაძის გამარჯვება”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან ბერძენიშვილს მეხსიერება არ ღალატობს და მის მიერ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება კარგად ახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნებში, ურჩევნია, რომ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს.
“კიდევ ვამბობ: ვანო მერაბიშვილი არ მომწონდა და არ მომწონს, ძალადობა არ მომწონდა და არ მომწონს. მმართველი გუნდი მოძალადე არ გგონიათ? მე მგონია. ასე რომ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ვაშაძის გამარჯვება ჯობია. ძველი დრო ვერ დაბრუნდება, იცვლება ხოლმე ყველაფერი. რაც შეეხება ძველ დროს, სწორედ სალომე ზურაბიშვილია ძველ დროში. ის 1921 წელში არის ჩარჩენილი. ძველ დროს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რა გგონიათ, მე არ მახსოვს ეგ ყველაფერი? თუნდაც ის აქციები? ან რას ვაკეთებდი ადრე? დიახ, წინააღმდეგობაში მოვედი ჩემს განცხადებებთან, მაგრამ შევიცვალე, ადრე არ მომწონდა არაფერი, ახლა ზოგიერთი რამ მომწონს, ადრე ძეხვს ვჭამდი, ახლა არ ვჭამ”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
“კვირამ” ლევან ბერძენიშვილს კიდევ ერთი განცხადება შეახსენა, როდესაც იგი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, აფასებდა:
“კარგია, როდესაც პრეზიდენტობიდან მიდიხარ 90 წლის ასაკში, ისე, როგორც რეიგანმა მოახერხა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა კაცი მიდიხარ, რაღაცა ხომ უნდა ქნა?! ხომ უნდა იცხოვრო?! კარგი, ბატონო, ერთხელ მოხდება უკრაინაში არეულობა და ჩახვალ, მაგრამ მერე ?! მერე, დანარჩენი ცხოვრება?! დანარჩენი ცხოვრება გაირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შექმნა ის საგზალი, რომელიც არაპრეზიდენტობისთვის არის საჭირო. ეს უნდა წარმოიდგინოთ, რა უბედურებაა, როდესაც მწვერვალზე ხარ, მაქსიმუმს აღწევ და 45 წლის ასაკში მიდიხარ აქედან, დანარჩენი ცხოვრება, 100 წელი, რა უნდა აკეთოს?! გარწმუნებთ, რომ ჰქონდეს დაგროვილი მხატვრული ცოდნა, მას ეს პრობლემა არ ექნებოდა. უპირველეს ყოვლისა, იმასაც მიხვდებოდა მაშინ, რომ 35 წლის ასაკში არავის პრეზიდენტი არ უნდა გახდე, თუ კარგად გინდა იყო და თუ შენი ქვეყანა გინდა იყოს კარგად”, – ლევან ბერძენიშვილის ეს განცხადება 2013 წლის 16 დეკემბრით თარიღდება.
აღნიშნულის შესახებ, ლევან ბერძენიშვილმა “კვირა” კატეგორიულად გააფრთხილა, რომ მასთან აღარასოდეს დაერეკა.
“ზოგადად, გიპასუხებთ, მომავალში აღარ დამირეკოთ, ეს ერთი, მეორე – დიახ, არის წინააღმდეგობები ჩემს განცხადებებში, მე ხან ისე ვთქვი და ხან ასე. ახლა გეუბნებით, რომ მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს, ადრე ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუჭერდი მხარს. იმაზე ადრე გეუბნებოდით, რომ მასთან ერთად დავაფუძნე “ნაციონალური მოძრაობა”, კიდევ იმაზე ადრე, მეგობრები და ახლობლები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი იცვლება. ახლა, ამ წუთას, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, მირჩევნია გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება. ვაღიარებ, რომ ჩემს განცხადებებში არის წინააღმდეგობები. ვამბობ, რომ შარშანწინ ისე იყო და ახლა ასეა. მეორედ აღარ დამირეკოთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “კვირასთან” საუბრისას და ტელეფონი გათიშა.
ცნობისათვის, ლევან ბერძენიშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში კოალიცია “ქართული ოცნების” სიით იყო. ამავე წლებში, ამავე კოალიციით, დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობდა ლევან ბერძენიშვილის ძმა – დავით ბერძენიშვილიც. აღსანიშნავია, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი – ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.
ლევან ბერძენიშვილის ქონებრივი დეკლარაციით, ირკვევა, რომ დეპუტატის ხელფასი ყოველწლიურად 60 590 -დან 62 790 ლარამდე მერყეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები