მამუკა არეშიძე: თუ ხელისუფლებამ მოახერხა ხალხის შემორიგება, მაშინ რესურსი აქვს, სიტუაცია შეცვალოს

ძალიან სერიოზული გზავნილია ხელისუფლებისთვის ამომრჩევლის მხრიდან, რომ ის არის სულ მცირე ნაწყენი და უფრო მეტი რომ ვთქვათ, გაბრაზებული იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, ან არ გადადგა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ საპრეზინდეტო არჩევნების წინასწარი მონაცემების შეფასებისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„არ გადადგაში ვგულისხმობ დაპირებების იმ ნაწილის არშესრულებას, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, დასაქმების , ეკონომიუკური განვითარების სისტემის შექმნას გულისხმობს. ნაწყენია იმ ნაწილში, რაც გულისხმობს კოჰაბიტაციის უმახინჯეს ფორმას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, გაუგებარი ადამიანების „ქართულ ოცნებაში“ მასიურ პორტირებას, „ქართული ოცნების“ აქტივისტების და ვეტერანების უგულებელყოფას და ა.შ. ეს არის მთავარი გზავნილი ხელისუფლებისთვის, როგორც ვხედავ ,თუ მათი განცხადებებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ გარკვეული დასკვნები უკვე გააკეთა“- განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება სწორი ნაბიჯების გადადგმას მოახერხებს , მაშინ მას გარკვეული რესურსი აქვს , რომ სიტუაცია შეცვალოს.
„ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელმაც დღეს მისცა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ცოტა უფრო მეტია, ვიდრე იყო 2012 წელს, დაახლოებით 70 000 კაცშია განსხვავება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი, პლუს ის მასა, რომელმაც გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა „ქართული ოცნებისთვის“, ჩათვალა რა, რომ პრეზიდენტის არჩევნები განსაკუთრებით არაფერს ნიშნავს, „ქართული ოცნების“ პოტენციური ამომრჩეველის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მისულა. ვფიქრობ, რომც დაემატოს დავით ბაქრაძის ხმები და შესაძლოა, სხვისიც, მეტი შანსი მაინც უფრო ხელისუფლებას აქვს, იმიტომ, რომ თუ მოახერხა სწორი ნაბიჯების გადადგმა , ხალხის, ამომრჩევლის შემორიგება , მაშინ მას გარკვეული რესურსი აქვს , რომ სიტუაცია შეცვალოს.
რამდენი დროც არის დარჩენილი არჩევნებამდე, ბევრის მოსწრებაც არ შეიძლება. პირველი ნაბიჯი გარკვეულწილად გადაიდგა, პარლამენტმა დაიწყო განხილვა ნარკოტიკის მოხმარების შეზღუდვის. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმიტომ, რომ ვხედავთ ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა ლიბერალიზმა მოიტანა ძალიან მძიმე შედეგები. პრაქტიკულად, ყველა ეზოში ეწევიან, წარმოუდგენელია, რაც ახლა ხდება ქვეყანაში . ის, რომ პარლამენტმა დღეს გამოაცხადა, რომ ამ კანონპროექტის განხილვას იწყებს, ეს გარკვეულწილად არის ხარკი იმ განწყობებისა , რაც გაჩნდა საზოგადოებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიაში“- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები