დავით უსუფაშვილი: ჩემი მხარდაჭერა ვერცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ექნება

“ჩემი მხარდაჭერა ვერცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ექნება, ვინაიდან ვერც ერთში ვერ ვხედავ, ადამიანს, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობ“ – ამის შესახებ პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, მის მიმართ მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
უსუფაშვილმა აღნიშნულ განცხადებას არასწორი უწოდა.
„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ გვაძლევს საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ვაშაძეს დავუჭირე მხარი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი მხარდაჭერა ვერც ერთს ვერ ექნება, ვინაიდან ვერც ერთში ვერ ვხედავ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს და გუნდს მათ გუნდებში, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველო სახელისუფლებო ცვლილების მიჯნაზეა.
„მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ერთმმართველი „ოცნება“ არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საითაც პროცესი მიექანება, თუ კონკრეტული ზომები არ იქნა მიღებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ბევრი გაახარა, ბევრი აღაშფოთა, მაგრამ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გზის გასაყართან დააყენა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პრაქტიკულად გარდაუვალი სახელისუფლებო ცვლილება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, კონსტიტუციის ჩარჩოებში მოხდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ასევე, მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც გუშინ გამართულ არჩევნებზე ხმა დავით უსუფაშვილს მისცეს.
„მინდა, მადლობა მოვახსენო 36 007 თანამოქალაქეს, რომელმაც გუშინ მომცა ხმა არჩევნებში. ამითი ხმა მისცეს საკუთარ არჩევანს, საკუთარ შეხედულებას. ვიქნებით ამაყი, ვინაიდან სწორი არჩევანი გავაკეთეთ. გვირჩევნია ვიყოთ ასეთი 2.5 პროცენტი, ვიდრე ისეთი 38 ან ასეთი 37 პროცენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები