რაგბის კავშირს 3 ახალი სარაგბო კომპლექსი გადაეცემა
ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის ბაზაზე დღეს, 13:30 საათზე, რაგბის კავშირისთვის 3 ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ამის შესახებ „კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, დამწყები მორაგბეები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრებიან.
„საქართველოს რაგბის კავშირი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ მფლობელობაში კიდევ სამ, თანამედროვე სტანდარტების ახალ კომპლექსს მიიღებს. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ხელს მოაწერენ ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს.
ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეოანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგკონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება ფონდ „ქართუს“ როლს ქართული რაგბის განვითარებაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში საქართველოს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა აქვს, რაც ქართველი “ბორჯღალოსნების” წარმატებაზე პირდაპირ აისახა – ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.