“თი ბი სის” მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა
“თი ბი სის” მხარდაჭერით, თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა. ბიენალეს მთავარი თემაა – „მხოლოდ შენობები არ კმარა” და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება.
ბიენალეს მიზანია, გაიაზროს და გამოიკვლიოს,პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა, ის თუ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე, მათ მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.
“თი ბი სი” ბანკის ინფორმაციით, პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე როგორც შიდა, ასევე, ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, საჯარო ხელოვნების ნიმუშები შეიქმნება, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.
გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.
1988 წლის ნოემბერში, თბილისმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ და ერთადერთ ბიენალეს უმასპინძლა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წლევანდელი ბიენალე მსგავსი ტიპის პირველი ღონისძიება იქნება, რომელიც 2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, ოთარ ნემსაძემ და გიგი შუკაკიძემ დააარსეს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე: www.biennial.ge