ლევან კობერიძე კომპანია „ჰიტაჩის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან კობერიძის და კომპანია „ჰიტაჩის“ ვიცე-პრეზიდენტის, იასუო ტანაბეს შეხვედრა საქართველო-იაპონიის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
პარლამენტის წევრმა იაპონელ სტუმარს საქართველოში ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოში ამ კუთხით იგეგმება. შეხვედრაზე იასუო ტანაბემ აღნიშნა, რომ კომპანია „ჰიტაჩის“ წარმოებული პროდუქციის ერთ-ერთი ხაზი სამედიცინო დანიშნულების აპარატურა-დანადგარებია და ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის ინტერესის სფეროს, სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტების გამოკვეთა წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.
„კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი სოციალური ინოვაციებია და ეს ის მიმართულებაა, რაც საქართველოსთვის, როგორც პროგრესისკენ მიმავალი ქვეყნისთვის, საინტერესოა. შეხვედრაზე რამდენიმ ეკონკრეტულ პროექტზე შევთანხმდით, რომლებზეც უახლოეს მომავალში გავაგრძელებთ მსჯელობას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები