ბიძინა ივანიშვილი: ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი
ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ამ ოდენობის დავალიანების დაგროვება.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ გადავადების პროცესს დავით ყიფიანი ლობირებდა. თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, ტენდენცია არ წარმოიქმნება, რომ ოქუაშვილი დაგროვილ ვალს ამცირებდა.
„თბილისში, ჩემთან ბევრი ადამიანი ვერ რეკავს და ვერ შემოდის, დრო არ მაქვს ელემენტარულად. თუკი ვინმეს ჩემთან მოესვლება და დარეკვა შეუძლია, ყველასთან რამდენიმე წრეზეა შემოვლილი ეს საკითხი, რომ კიდევ გადაევადებინათ. ამ თემებში არ ვერევი და არ ჩავრეულვარ. ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკები და არ მაქვს ეჭვი ქუმსიშვილზე ანგარების, მაგრამ სწორედ ქუმსიშვილის დროს ხდებოდა, ძირითადად, გადავადებები. როდესაც ბახტაძე მოვიდა, სწორედ ბახტაძემ დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძე მოიქცა უფრო ხისტად და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა ბახტაძის შემდგომი ფინანსთა მინისტრი, მაჭავარიანი. მგონი, ლამის გაიწიეს ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა გადავადებას, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა ეს პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არ იხდიდა ფულს. ჩემი აზრით, მიდიოდა ლობირება, იგივე ყიფიანის მხრიდან, რომ მომხდარიყო გადავადება. უფრო კარგი იქნებოდა, აქციზების გაცემა შეწყვეტილიყო მანამ, სანამ 50 მლნ ლარი დაგროვდებოდა. სანამ ტენდენცია არ წარმოიქმნება, რომ ოქუაშვილი დაგროვილ ვალს ამცირებს, მანამდე არაფერი არ უნდა გაკეთდეს – ეს არის პოზიცია და არ შეიძლება შანტაჟით მოქმედება, ეს პირდაპირი ზეწოლაა ხელისუფლებაზე და არ შეიძლება მედია გამოყენებულ იქნას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.