ბიძინა ივანიშვილი: ოთარ ფარცხალაძე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, თუ მისი მხრიდან რაიმე დარღვევები გამოვლინდა
ოთარ ფარცხალაძე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, თუ მისი მხრიდან რაიმე დარღვევები გამოვლინდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებნთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოთარ ფაცხალაძისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ აღძრულ საქმეებს პროკურატურაში ქართველ გამომძიებლებთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული პროკურორებიც იძიებენ.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ საჯარო მოხელეები ყოველთვის აკონტროლონ, რათა თანამდებობის პირებმა საზოგადოებას არაფერი მოატყონ.
ჟურნალისტმა ოთარ ფარცხალაძე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, დავით კეზერაშვილს შეადარა და ამის შემდეგ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, აქვს თუ არა მას ოთარ ფარცხალაძის ქონებასთან დაკავშირებით კითხვები.
“ოთარ ფარცხალაძისა და დავით კეზერაშვილის პარალელების გავლება ცოტა რთულია, ფარცხალაძე უკვე 5 წელია ხელისუფლებიდან წავიდა და ის საკუთარი სურვილით წავიდა თანამდებობიდან, როგორც კი მის მიმართ გაჩნდა ეჭვები და მის წარსულთან დაკავშირებით კითხვები დაგროვდა, ის წავიდა თანამდებობიდან და 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, ის, რომ თანამდებობის პირი იყო და ჟურნალისტებს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარა, კითხვები უნდა გქონდეთ, კითხვები არის ლოგიკური და ეს კითხვები მოითხოვს პასუხებს. აბსოლუტურად გეთანხმებით, ასევე, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ოღონდ, მოვაცილოთ ფარცხალაძეს დამახინჯებული ბრალდებები, რასაც ოპოზიცია გაზვიადებულად ცდილობს, რომ თითქოს ის ჩემთან კოორდინირებდა და სარდაფში დაჰყავს ხალხი, აუპატიურებს და გაუპატიურების მცდელობა, რაც ეცადნენ ჩანაწერებში და რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამით ნუ დავამძიმებთ. ასევე, ხშირად, პირად შეხვედრებზე მახსენებენ, განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ინციდენტი მოხდა რესტორანში ლაშა თორდიასა და ფარცხალაძეს შორის, იქ მე კითხვას ვსვამ, რაზეც პასუხი არ აქვთ. ლაშა თოდრია მაშინ თანამდებობის პირი იყო აუდიტის სამსახურის უფროსი იყო და უფრო აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის, კითხვა მაქვს, ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თოდრიას, როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც არ ვეთანხმები.
გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურამ გააკეთა განცხადება”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ინფორმაციით, პროკურატურაში მაღალჩინოსნების საქმეს უცხოეთიდან მოწვეული პროკურორები იძიებენ.
“სხვათა შორის კორუფციული საქმიანობისა და მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გამოძიებას უცხოეთიდან მოწვეული პროკურორები იძიებენ, რომლებიც მთელ მსოფლიოში თავისი პრინციპულობით არიან ცნობილნი, ერთ-ერთი მათგანის ვინაობა არ ვიცი, მაგრამ სწორედ მან მოახერხა ისრაელის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა. სწორედ ამ მიზნით, ჩამოვიყვანეთ უცხოელი პროკურორები, რამეთუ სანდოობა თავიდანვე ყოფილიყო, რადგან ფარცხალაძე იმ უწყებაში მთავარი პროკურორი იყო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, შედეგებზე ყველას რეაქცია ექნება და დარჩებით კრიტიკულები, ეს ასეც უნდა იყოს. მეც თქვენთან ერთად ვიქნები, თუ გაჩნდა რამე კითხვის ნიშნები, გარწმუნებთ, რომ მე, პირადად მოვითხოვ სიმკაცრეს და კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს ფარცხალაძე თუ მან ვერ დაასაბუთა თავის ქონებაზე არსებული კითხვები. გარწმუნებთ, ფარცხალაძე ისევე აგებს პასუხს, როგორც ნებისმიერი მოქალაქე და თუ ეს, ასე არ მოხდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია გამოვიყენოთ. მე ერთადერთ თემაში ვიყავი აქტიური მერიასთან მიმართებაში, თავად გავარჩიე ეს საკითხი და აქ დანაშაული არ იკვეთება. პირიქით, უფრო სხვა კითხვები მეუფლება, მერიას მასზე არავითარი ლობირება და შეღავათები არ გაუკეთებია. ფარცხალაძემ იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე საბაზრო ფასი იყო, ამაზე მე ვაგებ პასუხს. თუ სურვილი გექნებათ ჟურნალისტებს, როდესაც გამოძიება დასრულდება ყველა დოკუმენტაცია მოითხოვეთ და მე დაგესწრებით, საჯაროდ განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ელემენტარულია, პატივი ვცეთ სახელმწიფოს, რადგან ის მთავარი პროკურორი იყო და მის მიმართ კითხვები ლეგიტიმური კითხვებია და აბსოლუტურად გეთანხმებით.
გარდა ამისა, იმ თანამდებობის პირების მიმართ არსებული კითხვებიც ლეგიტიმურია და ასევე ვეთანხმები, რაც “რუსთავი 2 “-მა გამოიტანა, ოღონდ არ ვეთანხმები ფორმას. ნებისმიერი თანამდებობის პირი ექვემდებარება ასეთ კონტროლს, ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება და ვალდებულება თანამდებობის პირი და ჩინოვნიკი გამჭვირვალედ აკონტროლოს, რათა მან საზოგადოებას არაფერი მოპაროს და მოატყუოს. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად და არა ისე, როგორც გააკეთა რუსთავი 2 -მა “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.