“მთავრობა იმ ფარული ჩანაწერების გადაფარვას ცდილობს, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა”
“ივანიშვილის მთავრობა იმ ფარული ჩანაწერების გადაფარვას ცდილობს, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ დღეს გავრცელებული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.
მისი თქმით, ასეთი ტიპის ჩანაწერები, გამოიყენება ძირითადად ორი მიზეზით, ერთი გადაიფაროს მთავრობის კრახი და მეორე – ბიძინა ივანიშვილის სურვილით ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოხდეს.
„ივანიშვილის რეაქცია იმ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობასაც თავად პროკურატურა არ უარყოფს, მათი პასუხი არის ახალი ჩანაწერების შეთხზვა. ჩვენ ვნახეთ მაგალითად როგორ დადგეს და შეიყვანეს კანონსაწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრი ციხეში, რათა კონტრკადრები გაევრცელებინათ და გადაეფარათ ქმედებები, რაზეც იყო საუბარი სუბელიანის ჩანაწერში. ეს ძალიან ჩვეული პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, გვახსოვს ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთხელ ასეთი ტიპის ვითომ ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა არასოდეს დასტურდება და გამოიყენება ორი მიზნით – გადაიფაროს მთავრობის კრახი, ან ივანიშვილის სურვილით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე. ამ შემთხვევაში ივანიშვილს არანაირი ფაბრიკაცია და ჩანაწერი არ უშველის, რადგან კანდიდატი, რომელიც მან შესთავაზა ქართველ ხალხს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.